თბილისის მერი სამგორის რაიონის გამგებლის, კახა სამხარაძის მიერ სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსს დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, რომ მთავარი და უზენაესი ქვეყნის ინტერესებია და მან თავისი გუნდის წევრებს მხოლოდ ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებებისკენ მოუწოდა.
„გუშინ კახა სამხარაძეს თავის პირად გვერდზე სტატუსი ჰქონდა გამოქვეყნებული. მე გუშინ ამასთან დაკავშირებით განმარტებები გავაკეთე. ეს მისი პირადი სივრცეა, ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. მე შეიძლება რაღაცები არ მომეწონა, ვიღაცას შეიძლება მოეწონა, ვიღაცა შეიძლება უფრო მეტად გაბრაზდა, ვიღაცა ნაკლებად, მაგრამ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, მით უმეტეს, პირად სივრცეში, ხელშეუხებელია. თუმცა ზოგადად ჩემი თხოვნა იქნება, პირველ რიგში, ჩემი გუნდის წევრების მიმართ, რომ გვახსოვდეს, რომ ჩვენ ბევრად უფრო დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს.
ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი და უზენაესი ქვეყნის ინტერესებია და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებით ვიმოქმედოთ. ამიტომ ყველამ გავითვალისწინოთ ეს. მე არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ დამრიგებლის როლში გამოვდივარ, კიდევ ვიმეორებთ, ყველას გაქვთ თქვენს პირად სივრცეში თქვენი მოსაზრების გამოხატვის უფლება, ამას ვერავინ შეეხება, თუმცა ამავდროულად უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს, უამრავი მხარდამჭერი გვყავს და ეს პასუხისმგებლობა კარგად გავითავისოთ,“ – განაცხადა კახა კალაძემ.
სიტყვა, რომელზეც ამბავი ატეხეთ, სულხან-საბას ლექსიკონში ნიშნავს ჩიტს – სამგორის გამგებელი
შეგახსენებთ, სამგორის გამგებელმა კახა სამხარაძემ 20 ივნისს გამართული აქციის, „შინ ევროპისკენ“ მონაწილეები სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფლად მოიხსენია.