“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე არ აპირებს მიხეილ სააკაშვილს თავდებში დაუდგეს და ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივა არაფერს შეცვლის და არც სამართლებრივად სწორად მიაჩნია.
ამასთან, სამნიძე მიიჩნევს, რომ მესამე პრეზიდენტი სამკურნალოდ საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ.
„მე არ ვუერთდები ამ ინიციატივას, არაერთხელ გამისვამს ხაზი, რომ ყველა სივრცეში და ყველა დონეზე ვეთანხმები იმას, რომ ჰუმანიტარული მიზნებისთვის, ჯანმრთელობისთვის, მესამე პრეზიდენტი გადაყვანილი იქნეს სამკურნალოდ საზღვარგარეთ, მაგრამ ამ ინიციატივას, რომ თავდებში დავუდგე და ხელი მოვაწერო ამ ინიციატივას, არ ვთვლი სწორად, ამიტომ არ ვუერთდები, არც სამართლებრივად არის ეს გამართლებული.
რესპუბლიკური პარტიის სახელით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვეთანხმები, რომ ის გადაყვანილი იქნეს სამკურნალოდ საზღვარგარეთ, სახელმწიფომ მიიღოს ყველა ზომა, რომ მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს დაცული, მაგრამ ამ ინიციატივას მე ხელს არ ვაწერ,”- განაცხადა სამნიძემ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივამედში” გამოკვლევებისთვის გადასვლაზე თანხმობას გამოთქვამს, თუმცა რამდენიმე პირობით. მოთხოვნებს შორის არის მნახველებზე შეზღუდვის მოხსნა, ასევე გამოკვლევების პროცესში მისი ექიმების ჩართვა.