ქოუჩი ირინა ჭოჭუა საზოგადოებაში არსებულ „ბოღმასა“ და „ცინიზმზე“ სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს, რომ „ადამიანები ჩასაფრებულები ვართ, თუ ვინ იქნება შემდეგი, რომლის შეცდომაზე, წარუმატებლობასა და სისაწყლეზე ფრთებს გავშლით“.
ირინა ჭოჭუა წერს, რომ ადამიანის გადათელვა ნორმა და ყოველდღიურობა გახდა.
„რამდენიმე თვის წინ მეც დავწერე, ადამიანებთან წავაგე, ქვეყანასთან წავაგე, უმწეობასთან წავაგე, ჩავფლავდი და ძალიან მინდა, რომ საკუთარ თავთან არ წავაგო-მეთქი. მაშინ ბევრმა მკითხა რა მჭირდა, რა პირადი დრამა მაწუხებდა და ბევრი მითქმა-მოთქმაც იყო ჩემს გარშემო, ვიცი. მას მერე ჩუმად ვარ და ძალიან თავს ვიკავებ ვიყო ისევ ისეთი ღია, როგორიც აქამდე ვიყავი. მაშინ დამემართა ზუსტად ის, რომ ძალიან, ძალიან მძაფრად დავინახე რა არაჯანსაღ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერი, სრულიად ყველაფერი გახდა პური და სანახაობა, დღევანდელ ენაზე ფული და ინგეიჯმენტი. იმდენჯერ გადავუარეთ ერთმანეთს, იმდენჯერ. ამდენი თრევა, ამდენი ბოღმა, ამდენი ცინიზმი. თითქოს ჩასაფრებულები ვართ და ველოდებით ვინ იქნება შემდეგი, რომ ამ შემდეგის შეცდომაზე, წარუმატებლობაზე, უბედურებაზე, სისაწყლეზე თუ პირად ტრაგედიაზე გავშალოთ ფრთები და ჩავიდინოთ ეს უგუნურება, რასაც ახლა ჩავდივართ.
ვერაფრის დიდებით ვერ ვხვდები, რანაირად მოხდა ეს. როგორ მოვედით აქამდე, რომ სხვა ადამიანის გადათელვა, თუნდაც ვირტუალურ სივრცეში და თუნდაც გარეთ, ქუჩაში, ნორმა და ყოველდღიურობა გახდა.
კი, ვიტყვით, რომ ფასეულობების გარეშე ადამიანი საშიშია. რომ უსიყვარულობამ იცის ასე. ზვიაგინცევის ფილმსაც მოვაყოლებთ მაგალითად. მაგრამ, მე მაინც ვერ ვხვდები, რანაირად დაგვემართა ეს.
მე გადავრჩი. არ წავაგე საკუთარ თავთან. მე გვერდით ადამიანები აღმომაჩნდნენ, რომლებმაც იბრძოლეს ჩემთვის. და მე აღმომაჩნდა რაღაც, არ ვიცი რა, რამაც სხვა მიმართულებით გამახედა.
მაგრამ, არ ვართ ყველა ერთნაირები. ზოგჯერ ადამიანებს არ ჰყოფნით ძალა გაუძლონ იმ სისასტიკეს, რასაც ერთმანეთის მიმართ ასე ნაივურად ჩავდივართ ხოლმე“, – წერს ირინა ჭოჭუა სოციალურ ქსელში.