LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ, მთლიანობაში არასამართლიანია – კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე

77
1

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს განცხადებას ეხმიანება.

აშშ-ს საელჩო: გასულ კვირას, მმართველმა პარტიამ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით მთავრობის ანგარიშვალდებულებას ძირი გამოუთხარა

ირაკლი კობახიძე საელჩოს შეფასებებს არასწორს და არასამართლიანს უწოდებს:

“ჩვენს პარტნიორებთან ოცდაათწლიანი ძალიან წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს. ძალიან ხშირად, ჩვენ მათგან ვიღებთ რჩევებს და, რა თქმა უნდა, ამ რჩევებს ვითვალისწინებთ. სამწუხაროდ, არის ხოლმე ასეთი გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვისმენთ არასამართლიან და არასწორ შეფასებებს მათი მხრიდან და ეს არის ამის მორიგი მაგალითი. სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ, რაც არ არის კარგი და ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ არის ხოლმე ადამიანური შეცდომები, არასწორი ინფორმაცია და ა.შ. თუმცა, რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის სამწუხაროდ, ეს არ არის არც ახსნა და არც მით უმეტეს, გამართლება. შესაბამისად, ბუნებრივია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების სათანადო ინფორმირება მოვახდინოთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, განცხადების შინაარსში უზუსტობებია, კობახიძე ფიქრობს, რომ ტექნიკური შეცდომები ადამიანურ შეცდომებს უნდა უკავშირდებოდეს:

“რაც შეეხება უშუალოდ განცხადების შინაარსს, აქ არის არაერთი უზუსტობა. ანუ მთლიანობაში არის არასამართლიანი განცხადება. არის უზუსტობები, მათ შორის, ფაქტობრივი უზუსტობები, ტექნიკური შეცდომები, რაც ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა უკავშირდებოდეს, ბუნებრივია, ადამიანურ შეცდომებს. მათ შორის, ის, რომ საუბარია ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე – რაც არასწორია. არავითარი სამსახური არ გაუქმებულა. სინამდვილეში მოხდა კონკრეტული სამსახურის ორ ნაწილად გაყოფა და კომპეტენციები არათუ არ შემცირებულა, პირიქით, მთლიანობაში, ჯამურად გაფართოვდა ამ სამსახურის უფლებამოსილება. ეს არის აშკარად ფაქტობრივი შეცდომა, რომელიც მაგალითად დაშვებულია ამ განცხადებაში. აშკარად არის ადამიანური შეცდომა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი ხარვეზები, განცხადებაში არ გაიპარებოდა”, – აღნიშნავს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე.

შეგახსენებთ, აშშ-ის საელჩო საქართველოში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას გამოეხმაურა. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მმართველმა პარტიამ “მთავრობის ანგარიშვალდებულებას ძირი გამოუთხარა”.

საელჩო ასევე ეხმაურება საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებას და აცხადებს, რომ აღნიშნულმა სასამართლოს მიმართ ნდობა შეასუსტა.

magti 5g