აშშ იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბული ვითარების ფონზე, რუსეთი დიპლომატიურ გზას აირჩევს და არა კონფრონტაციასა და აგრესიას.
ამერიკული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთს საზღვრის გასწვრივ 175 000-მდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული.
სწორედ ამ მასშტაბის შეფასებისას აშშ-ის დაზვერვის სამსახური და ვარაუდობს, რომ რამდენიმე თვეში რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო შეტევის განხორციელება შეუძლია.
The Washington Post-ის სტატიაში – “აშშ-ის დაზვერვის ვარაუდით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მასობრივ სამხედრო შეტევას გეგმავს, რომელშიც 175 000 ჯარისკაცი მონაწილეობს”, სწორედ ამ პროგნოზებზეა საუბარი.
ამის შესახებ გამოცემა აშშ-ის ოფიციალურ პირებსა და მათ მიერ მოპოვებულ დაზვერვის დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.
“როდესაც უკრაინაში რუსეთის პოტენციური შეჭრის გამო ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა იზრდება, აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ კრემლი მომავალი წლის დასაწყისში გეგმავს მრავალ ფრონტზე შეტევას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 175 000-მდე ჯარისკაცი.
კრემლი უკრაინის საზღვრისკენ ჯარების გადაადგილებას ახორციელებს და ვაშინგტონს სთხოვს გარანტიას, რომ უკრაინა არ შეუერთდება ნატო-ს და რომ ალიანსი თავს შეიკავებს გარკვეული სამხედრო მოქმედებებისგან უკრაინის ტერიტორიაზე და მის გარშემო.” – წერს გამოცემა.
“რუსეთის გეგმები ითვალისწინებს სამხედრო შეტევას უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის დასაწყისში, ძალების ორმაგი მასშტაბით, ვიდრე ჩვენ ვნახეთ გასულ გაზაფხულზე, წვრთნების დროს უკრაინის საზღვრებთან”, – თქვა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გამოცემასთან, რომლის ანონიმურობასაც იცავს მედიასაშუალება.