გაერო-ს ჰუმანიტარული დახმარების კოორდინატორის, რამიზ ალაქბაროვის განცხადებით, ავღანეთი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
მისი თქმით, ავღანეთში მთავარი პრობლემა საკვების ნაკლებობაა და ქვეყანა ძლიერ არის დამოკიდებული საზღვარგარეთიდან მიღებულ სასურსათო დახმარებაზე, რომელიც ქვეყანაზე „თალიბანის“ მიერ კონტროლის დამყარების შემდეგ შეწყდა.
ალაქბაროვის თქმით, ქაბულის აეროპორტის დახურვის შემდეგ, გაერო ალტერნატიული გზის ძიებაშია, თუ როგორ მიაწოდოს მოსახლეობას პირველადი დახმარების ნივთები და საკვები. მისი განცხადებით, სასწრაფოდ უნდა გამოიძებნოს 200 მილიონი დოლარი, რათა ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფები გამოიკვებოს.
როგორც გაერო-ს კოორდინატორმა აღნიშნა, ჰუმანიტარული დახმარების მოსახლეობამდე მიტანას ართულებს ის ფაქტი, რომ გაერო-ს თანამშრომლების უმეტესობა ქალია, რომლებიც „თალიბანის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მუშაობას ვეღარ განაგრძობენ.