მესამე პრეზიდენტის ექიმები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ხვალ ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე დასწრებას შეძლებს.
მკურნალი ექიმის შეფასებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.
„ჩვენი მოსაზრებით, ჯანმრთელობის მდგომარეობა მას ხელს არ შეუშლის სასამართლო პროცესზე წასვლაში. პაციენტი, რა თქმა უნდა, კიდევ საჭიროებს მკურნალობას და რეაბილიტაციას. ჩვენ მკურნალობის თაობაზე კიდევ შევჯერდებით, ჩვენი რეკომენდაციები გვაქვს. პაციენტს სჭირდება მულტიდისციპლინური მიდგომა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ფსიქოლოგიური დახმარება არ სჭირდება“, – განაცხადა ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა.
სააკაშვილის მკურნალი ექიმი, ნინო გოგორიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილი სასამართლო პროცესისთვის ემზადება.
„პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღენიშნება მცირე სისუსტე. ლაბორატორიული ანალიზები ნორმის ფარგლებშია. კვების რაციონი გაფართოებულია და თითქმის სრული მენიუთი იკვებება. მენიუ არის ენდოკრინოლოგთან შეთანხმებით შედგენილი. ძალის აღდგენა მიმდინარეობს. უკვე დაიწყო ფიზიკური გააქტიურება. ბატონი მიხეილი ემზადება სასამართლოსთვის“, – აცხადებს ნინო გოგორიშვილი.