LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცაგარეიშვილი: თუ ევროკავშირი პუტინის წინაშე უკან დაიხევს, ეს სისხლიანი ტალღა ევროპის ქვეყნებამდე მივა – ეს ტალღა ახლა თბილისსა და კიევს ეხეთქება

77
გია ცაგარეიშვილი

“სამწუხაროდ, ევროკავშირის წევრებს შორის გაურკვევლობას ვხედავთ, ეკუთვნის თუ არა ასოცირებულ ტრიოს უკვე კანდიდატის სტატუსი და შემდეგ ნამდვილი სტატუსი”, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა ავსტრიის კანცლერის იმ ინიციატივის საპასუხოდ აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა უკრაინა და მოლდოვა, თანამშრომლობასა და სრულფასოვან წევრობას შორის შუალედური ეტაპი უნდა განიხილონ.

„ყველაზე ნაკლებად ველი, ევროკავშირმა ხელცარიელი დატოვოს საქართველო“ – EU-ს პასუხის 3 სავარაუდო სცენარი

ცაგარეიშვილის შეფასებით, თუ ევროკავშირი პუტინის წინაშე კიდევ უკან დაიხევს, სისხლიანი ტალღა ძალიან მალე მივა ევროპის ქვეყნებამდე:

“აგრესორთან და დამპყრობელთან ენის მოჩლექით საუბარი იმაზე ფიქრით, რომ იქნებ, როგორმე, კონკრეტული ქვეყანა გადარჩეს რუსულ აგრესიას, ბოლოს მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რასაც ახლა უკრაინაში ვუყურებთ. ეს ყველაფერი 2008 წელს საქართველოში მოხდა. ფაქტობრივად, მარტო აღმოვჩნდით პირდაბჩენილი აგრესორის წინააღმდეგ. კარგად მახსოვს, ზოგიერთმა პეკინის ოლიმპიადაც გამოიყენა და მშვიდობისმყოფელად მოგვევლინა გაცხადებული ომის დროს.

ოღონდ, ეს მშვიდობისმყოფელობა მხოლოდ ჩვენ დაგვაკისრეს და არა რუს აგრესორს, შედეგად მივიღეთ ფაქტობრივად დანგრეული ქვეყანა, ჩვენი მიწების 20 პროცენტი ოკუპირებულია. ფაქტობრივად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან არავითარი რეაქცია არ იყო, თუ თითო-ოროლა ქვეყანას არ ჩავთვლით, ბალტიისპირეთის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, პოლონეთის, რუმინეთის და სხვების. მაშინ ინსტიტუცია, როგორც ევროკავშირი ძალიან ცუდად გამოჩნდა, ამ კრიზისს ვერ გაუძლო, ინსტიტუციურ სიმაღლეზე ვერ იყო, ხმამაღლა არ დაგმო რუსული აგრესია, რასაც მოჰყვა ყირიმის ოკუპაცია და ევროპელებს არც მაშინ ამოუღიათ ხმა და სამწუხაროდ, ამას მოჰყვა უკრაინის ომი. ურემი გადატრიალდა და გზა გამოჩნდა. ახლა, როცა ხალხი იხოცება, ადამიანები ფიქრობენ, რა უნდა მივანიჭოთო, ეს იყოს კანდიდატობა, თუ შექმნას რაღაც კვაზი გაერთიანება, სადაც შერეკავენ წევრობის მოსურნე ქვეყნებს. აქ საუბარი არ არის მხოლოდ ამ სამ ქვეყანაზე, არამედ ალბანეთზე, სერბეთზე, ბოსნია ჰერცოგოვინასა და ა.შ.

ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში დენთის სუნი არ მიუვიდათ? ეს ვენაში, ბერლინში, პარიზში, რომში, ან ლონდონში არ იგრძნობა? მგონი, იგრძნობა, რადგან რვა მილიონი უკრაინელი იქცა დევნილად და თავი შეაფარეს ევროპას. ეს არის გაუგონარი ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც ძალას იკრებს და დასასრული არ უჩანს. კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ განგვიმარტონ, ჩვენგან რა უნდათ.

ჩვენ კანდიდატობაზე განაცხადის გაკეთებას 2024 წელს ვაპირებდით, მაგრამ ეს პროცესი დავაჩქარეთ, კითხვარი შევავსეთ, სხვა რა უნდა გავაკეთოთ? ახლა ჯერია ევროკავშირზე, მათ შორის ამერიკასა და ნატოზე. ისინი ამ გამოწვევას გაუძლებენ, თუ კიდევ უკან დაიხევენ პუტინის წინაშე? თუ უკან დაიხევენ, გარწმუნებთ, რომ ეს სისხლიანი ტალღა ძალიან მალე მივა ევროპის ქვეყნებამდე, ცენტრალურშიც და დასავლეთშიც.

ეს ტალღა ეხეთქება თბილისს და კიევს, თუ თბილისი და კიევი წაილეკა, რა თქმა უნდა, პრაღამდე, ვენამდე, პარიზამდე, ბერლინამდე და ყველა იმ სკეპტიკოსამდე მივა, ვინც აპირებს იაფი გაზი შეიძინოს, დოლარები და ევროები გაუგზავნოს და ხალხი აჟლეტინოს”, – თქვა ცაგარეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g