პარტია „მოქალაქეების“ ლიდერები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხდნენ. იოსელიანის განცხადებით, განიხილეს, როგორ წარმოუდგენიათ ეროვნული თანხმობის პროცესი.
„ჩემთვის საინტერესო იყო, მას როგორ წარმოუდგენია ეს პროცესი. ყველაზე მთავარი, რაც მომწონს ამ პროცესში და რაც ქალბატონმა სალომემ ისაუბრა, ეს არის, რომ ყველაფერი გავიაზროთ და დავინახოთ ჩვენი განვლილი ისტორიის, ბოლო 30 წლის კონტექსტში — აქედან გამომდინარე გამოვიტანოთ დასკვნები და ვაწარმოოთ ის ახალი პოლიტიკა, რაშიც საქართველოში ყველა პოლიტიკური პარტია და არამარტო პარტიები, საზოგადოებრივი ჯგუფები უნდა იყვნენ ჩართული“, — განაცხადა მან.
როგორც იოსელიანმა აღნიშნა, პარტიები, რომლებიც სკეპტიკურად არიან განწყობილი ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ პროცესი არ დააზიანონ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი წინაპირობების გარეშე იყოს, რადგან ეს არის გამოსავალი. იოსელიანის განცხადებით, ისაუბრეს საერთაშორისო კონტექსტზე, საქართველოს როლსა და მომატებულ რისკებზე.
„ამიტომ მნიშვნელოვანია, რაღაც შიდა საკითხებზე იყოს კონსოლიდაცია, რაზეც ყველანი შევთანხმდებით. რაც შეეხება, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. ამის შემდეგ მას აქვს, ჩემი აზრით, ძალიან კარგი ხედვა, როგორ შეიძლება ეს პროცესი წავიდეს, ვინ უნდა იყოს მონაწილე და ვფიქრობ, თუ არ შევუშლით ხელს არც მედია, არც პოლიტიკოსები, კარგ შედეგამდე მივალთ საბოლოოდ“, — თქვა ლევან იოსელიანმა.