“ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ, სამართლიან დამოკიდებულებას, მორჩა!” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ განაცხადა.
პრემიერი აღნიშნავს, რომ თუ გადაწყვეტილება უსამართლო იქნება ქვეყნისთვის, ის „ყველაფერს ფარდას ახდის“.
„ჩვენ მშვიდად, მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობის შენარჩუნება, ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და ჩვენი ქვეყნის განვითარება. ეს არის მთავარი. 2007 წელს გაგვიჩინეს ძალიან დიდი მოლოდინი, აჟიოტაჟი, რომ მაპ-ის მონიჭებით თუ არმონიჭებით რაღაც მოხდებოდა. არ მოგვანიჭეს მაპ-ი, მაგრამ ქვეყანამ გააგრძელა ნატო-ში ინტეგრაცია, გახსნა ნატოს-სთან ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი. ამიტომ გეუბნებით, რომ რეალობაში უნდა ვიყოთ. ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ, სამართლიან დამოკიდებულებას, მორჩა!
ჩვენ თავმოყვარე ერი ვართ, ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე უძველესი ცივილიზაცია მსოფლიოში, უძველესი კულტურით და ჩვენი ძალიან მაგარი, ამაყი ხალხით. აქ ამპარტავნოაბზე არ არის საუბარი, მაგრამ ისე ნუ წარმოვაჩენთ, რომ რაღაცას ვმათხოვრობთ და ვეხვეწებით ვინმეს. ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ, საჯაროდ ვთქვი ბრიუსელშიც, დავოსშიც და ბრატისლავაშიც, ჩენ არაფერს არ ვითხოვთ დაუმსახურებელს, მე ვითხოვ სამართლიან დამოკიდებულებას, პატივისცემის გამოხატულებას, 17 ივნისს იქნება ევროკომისიის მოსაზრება და 23-24 ივნისს დაველოდები და მანამდე შევინარჩუნებ რეზერვაციას, რომ უფრო მეტი არ ვილაპარაკო ჩვენი ხალხის წინაშე, თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეუარცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის, ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს ფარდას ავხდი და ჩვენ ხალხს ყველაფერს ვეტყვი. თქვენგან განსხვავებით შეთქმულების თეორიებზე არ ველაპარაკები, მე ხალხს ველაპარაკები მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებით“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.