„ჩვენი მსოფლმხედველობით ევროპელები ვართ. დარწმუნებული ვარ, მალე იქნება შესაძლებელი იმ დიდ ოჯახში გაწევრიანება, რასაც ევროკავშირი ჰქვია“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ევროკომისიის მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების შესახებ მეექვსე ანგარიშის გამოქვეყნებას გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, „საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რომ რაც შეიძლება დავუახლოვდეთ ევროპულ მომავალს“. აქვე კალაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში ვიზალიბერალიზაციისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და ეს პროცესი გაგრძელდება.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რაც ვიზალიბერალიზაციის პროცესში გადაიდგა. თუმცა, ეს პროცესი გრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი, რაც დაწყებული გვაქვს ბოლომდე მივიყვანოთ. ზოგადად, ევროინტეგრაციის გზა ბევრი კომპონენტისგან შედგება. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და ყველაფერს გააკეთებს, რომ რაც შეიძლება დავუახლოვდეთ ევროპას, ევროპულ მომავალს. ზოგადად, ჩვენი მსოფლმხედველობით ევროპელები ვართ. დარწმუნებული ვარ, მალე იქნება შესაძლებელი იმ დიდ ოჯახში გაწევრიანება, რასაც ევროკავშირი ჰქვია“, – განაცხადა კახა კალაძემ.