“ეს უმსგავსო ხალხი დგას და ქირქილებს – აბა თუ მაგრები იყავით, როგორ ვერ დაიცავით ნიკა მელიაო, გუშინ ღამით შევიკრიბეთ და ნიკამ გვთხოვა: მე არ მინდა ჩემს გამო, თუნდაც ერთი ადამიანი იოტისოდენად მაინც დაშავდეს, მე წარმოდგენაც არ მინდა, რომ ჩემს გამო ვინმე დაიღუპოსო, ამიტომ როცა მოვლენ ტაში დაუკარითო და ამ ვირიშვილებმა აიღეს და დაანგრიეს ეს ქვეყანა.” – ეს განცხადება “ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.
როგორც გიგი უგულავამ განაცხადა, ციხე არ კლავს, ციხე აძლიერებს, ნიკა მელია კი მალე გამოვა და მათთან ერთად გაათავისუფლებს ქვეყანას:
“ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეტთ, ეს ბრძოლა ახლა იწყება! ეს ბრძოლა ციხიდან იწყება და გამარჯვებით დასრულდება. ციხე არ კლავს, ციხე აძლიერებს, ნიკა მელია მალე გამოვა და ჩვენთან ერთად გაათავისუფლებს ამ ქვეყანას. მეგობრებო, ახლა ყველა ერთად ინგოროყვას ქუჩით და ჩიტაძის დაღმართით ერთპარტიული პარლამენტისკენ გავემართოთ.” – მიმართა უგულავამ აქციის მონაწილეებს.