LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცისანა სეფიაშვილი: „ჩემ გვერდით ვისურვებდი ადამიანს, რომელიც ჩემზე ძლიერია, მამაკაცს, რომელიც მეამაყება, რომლითაც აღფრთოვანებული ვარ და რომლის ზურგს უკანაც ვდგავარ…“

8484
cisanasefiashvili

ცისანა სეფიაშვილი მიიჩნევს, რომ ადამიანისთვის პირველ რიგში, საკუთარი თავის რწმენაა მნიშვნელოვანი. არაფერს ნანობს და არ უყვარს წარსული მოვლენებისა თუ შეცდომების ნეგატიურ ჭრილში დანახვა. ამჟამად მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დგას, მრავალწლიანი ოჯახური ცხოვრების შემდეგ, როდესაც მხოლოდ შვილებზე იყო გადართული, სურს, პარალელურად, საქმიანობასაც დაუბრუნდეს. სად ხედავს საკუთარ თავს, ამის შესახებ თავად გვესაუბრა…

ცისანა, ამას წინ გამოაქვეყნეთ სტატუსი, სადაც წერდით, რომ ამჟამად უმუშევარი ხართ. წერდით ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების შესახებაც… როგორ ფიქრობთ, ბევრი ქალის სათქმელი თქვით?

არაფერს ვნანობ, რადგან ჩემი ცხოვრების სტილი არ არის წარსულზე გამოკიდება და ნეგატივში ყოფნა, რაც უნდა ცუდი რამ ხდებოდეს. ყველაზე მაქსიმუმ, ერთი დღე ვიყო შეპყრობილი უარყოფითი ინფორმაციით. საერთოდ, ვცდილობ, მის მიღებას თავი ავარიდო – პირადი პრობლემაა თუ მსოფლიო, ვცდილობ, ავისხლიტო ყველანაირი ცუდი ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, თუკი რაიმე შესაძლებლობა ხელიდან გავუშვი, ის დრო, სიყვარული, სითბო და მზრუნველობა ჩემს შვილებში ჩავდე და დღეს ვხედავ შედეგს – ისინი კარგი ადამიანები არიან, მზრუნველები, განათლებულები, ვართ მეგობრები და გვაკავშირებს განსაკუთრებული ურთიერთობა. კარიერა რომ ამეწყო, მაგრამ წლები, რომლებიც ჩემს შვილებთან ერთად დავყავი, დამეკლო საკუთარი თავისთვისაც და მათთვისაც, ვერ მათქმევინებდა, როგორი წარმატებული ვიყავი ცხოვრებაში… ეს ნუ იქნება სახელმძღვანელო ქალებისთვის – პირიქით, ძალიან ბედნიერი ვარ იმის გამო, როგორც ვიცხოვრე და რა გზაც გავიარე. სულ რომ შეცდომა დავუშვა, არ მახასიათებს განცდა წარსულზე. ეს იყო ჩემი შეცდომა, ჩემი ცხოვრება, გამოცდილება…

ტყუილად არაფერი ხდება. დღეს რომ ვარ სამსახურის ძიებაში, იმიტომ არ ხდება, რომ პრობლემის წინაშე დავდექი. უბრალოდ, უკეთეს მომავალს ვაწყობ, ვუყურებ ამას, როგორც ღმერთის მიერ მომზადებულ უფრო უკეთეს გზას. მე ვუყვარვარ ღმერთს, სამყაროს და ეს იმისთვის გამომეგზავნა, რომ უკეთესისთვის უნდა მოვემზადო.

სად ჩადებდით თქვენს ენერგიას სამსახურის კუთხით?

ჩემს ცხოვრებას რომ გადავხედე, ორ ადგილას ვგრძნობდი თავს კარგად – ტელევიზიაში, სადაც ვიყავი, როგორც თევზი წყალში და ასევე ვმუშაობდი ერთ-ერთ დიდ და სერიოზულ კომპანიაში, პიარის მიმართულებით. მე შემთხვევით არ დავრჩენილვარ უმუშევარი. შეგნებულად გადავდგი ეს ნაბიჯი. მიუხედავად იმისა, რომ ვარ მარტოხელა დედა, რომელსაც უწევს შვილების ყველანაირად პატრონობა…

მათ შორის ფინანსურადაც?

რასაკვირველია, პირველ რიგში, ფინანსურად, არ მინდა პრობლემებზე საუბარი და ყველას გვაქვს კრედიტი, არ დავთანხმდები სამსახურს მხოლოდ შემოსავლისთვის. პირველი არის ფინანსური დაინტერესება, მაგრამ ეს უნდა იყოს ადგილი, სადაც ვიქნები რეალიზებული. ზოგადად, როცა შენთვის საინტერესო საქმეს აკეთებ, უფრო მეტად ასხივებ ბედნიერებას და ეს ისევ და ისევ წაადგება შენს საქმეს. ამ წლების განმავლობაში ყოფილა შემოთავაზებები ტელევიზიიდან, მაგრამ დათანხმებას ვერ ვახერხებდი, რადგან უნდა გადამეწყვიტა და გამეკეთებინა არჩევანი, როცა ტელევიზიაში სერიოზულ პროექტზე მუშაობ, ვერ გადაანაწილებ დროს ორ სამსახურს შორის, მე კი ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობდი. ახლა თავისუფალი ვარ და ჩემი ოცნებისკენ მივდივარ, მას აუცილებლად ავისრულებ. საზოგადოებას ამ სტატუსით შევატყობინე, რომ მე აქ ვარ. ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!.. (იღიმის).

ცისანა, თქვენი ბოლოდროინდელი ვიდეოებიდან და ფოტოებიდაც ჩანს, რომ საუკეთესოდ გამოიყურებით და მართლა ასხივებთ დადებით ემოციას. ქალები სულ ამბობენ, რომ მათთვის გაპრანჭვის მიზეზი მამაკაცია…

და ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. ამას ვეტყოდი ქალებს – არა, გაპრანჭვის ობიექტი არ უნდა იყოს მამაკაცი. ქალი, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა ეპრანჭებოდეს, უნდა იყოს თვითკმარი და მისი ცხოვრება არ უნდა იყოს დამოკიდებული გარე სტიმულატორებზე. ჩემი დილა იწყება საკუთარი თავის მოწესრიგებით. საკუთარი თავი, პირველ რიგში, მე უნდა მომწონდეს. გადამეტებულ ამბიციებზე საუბარი არ მაქვს, მაგრამ საკუთარი თავი უნდა შევიყვაროთ, უნდა მოგვწონდეს ჩვენი თავი. ღამე გაპრანჭული ვიძინებ. გარეგნული ცისანა შინაგან ცისანასთან უნდა იყოს კომფორტულად. თავს განსაკუთრებულად არ ვუვლი – არ ვარ დაკავებული ვარჯიშით, არ ვდიეტობ, პირიქით, ყველა ჩემმა ახლობელმა იცის, როგორ გურმანი ვარ, ფოთლებით არ ვიკვებები, არ ვიზღუდავ ცომეულსა და ტკბილეულს. ქალებს ვეტყოდი, რომ ნურავისზე და ნურაფერზე დამოკიდებული ნუ იქნებიან.

თქვენ არ ყოფილხართ დამოკიდებული ვინმეზე?

როგორ არა, ვყოფილვარ დამოკიდებული წლების წინ, მაგრამ ეს სწორი არ არის. ჩვენ ხომ იმისთვის ვცხოვრობთ, რომ ყოველდღიურად გავიზარდოთ? ძალიან ბევრ ქალს აქვს ფსიქოლოგიური დამოკიდებულება მეორე ნახევარზე. ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ თავად ის, მისი სიყვარული, კომპლიმენტი თუ ცუდი, უხეში სიტყვა მართავს განწყობას. ეს ცუდია. თავად ვებმებით ამ აურზაურში და საკუთარ თავს ვკარგავთ.

ამისგან როგორ გათავისუფლდით?

უნდა ადგე და შეიყვარო შენი თავი. საკუთარი თავის რწმენა მნიშვნელოვანია. არ ხართ პირველი, ბევრს უთქვამს, რომ ვასხივებ კარგ განწყობას. ამას არ ვთამაშობ და ვერ ითამაშებ. მინახავს ჩემი ფოტოები, სადაც ვარ გაღიმებული, მაგრამ ჩემი თვალები ჩამქრალია. ასე რომ, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია საკუთარი თავის შეცვლა – ნუ ვიქნებით ბოღმები, ბოროტები და ნუ შეგშურდებათ სხვისი ბედნიერების, პირიქით. ბედნიერების ნახვა ყველაფერში შეიძლება. ალბათ, ასე წასაკითხად ადვილია ვიღაცისთვის და იმის თქმა, ამას რა ენაღვლებაო. არავინ იცის, მე როგორ პერიოდს გავდივარ ახლა. ჩვენი პრობლემები არავის უნდა მოვახვიოთ თავი. ნურავინ იფიქრებს, ცისანას რა ენაღვლებაო. არავინ იცის, ვის მეტი პრობლემა აქვს და ვის – ნაკლები. ერთი დღე არ გამოვიდა, ერთი თვე? აღარ გამომდის – ასე ნუ იფიქრებთ. წლები უნდა იჭიდაოთ საკუთარ თავთან, რომ პოზიტიური დამოკიდებულება გამოიმუშაოთ.

ორჯერ იყავით დაქორწინებული. ოჯახის შექმნას ბევრი კარგი მხარე აქვს, მაგრამ სირთულე რა არის და თუ გადადგამდით კიდევ ამ ნაბიჯს?

ყველა წყვილს სხვადასხვა პრობლემა აქვს. მთავარი ალბათ ისაა, დროულად გავიაზროთ, სად ვართ კარგად და სად – არა. ილუზიებში არ უნდა ვიყოთ, რომ რაღაც გამოსწორდება და შეიცვლება. ამასობაში წლები გადის. მივუახლოვდეთ ფაქტებს, გვერდზე გადავდოთ ილუზიები – ფაქტი რა არის? ხარ კარგად, თუ არ ხარ? ყველაფერს დროის გასვლასთან ერთად ხავსი ეკიდება და იქიდან გამოსვლა უფრო რთული ხდება. მცდარი აზრია, რომ შენარჩუნებულ ოჯახში ბავშვები უფრო კარგად არიან. მთავარია, ოჯახი შენარჩუნდეს, რადგან ბავშვებისთვის ეს უკეთესიაო – არა და არა! არ არსებობს ამის დამალვა. საზოგადოებისთვის შეიძლება შენიღბო, მაგრამ სახლში რომ ნეგატივი ტრიალებს, ენერგიიით იგრძნობა, სულ ხმაური და ჩხუბი რომ არ იყოს. ეს გადადის შვილებზე და მათი ცხოვრება მახინჯდება. არავის მივუთითებ, რომ ოჯახები დაანგრიონ. ამის პროპაგანდას არ ვეწევი. მე მხოლოდ ჩემს გამოცდილებაზე ვსაუბრობ.

ჯანსაღი ურთიერთობები როგორია?

ის პატივისცემაზე დგას – როცა ორი ადამიანი ყველაფერს აკეთებს, რომ ერთმანეთს გაუფრთხილდეს, ეს არის საუკეთესო რამ. როცა პტივისცემის ზღვარი იშლება, ცუდია. პატივისცემაში ბევრი რამ მოიაზრება.

როგორ ადამიანს მოიაზრებთ თქვენ გვერდით, როგორს ისურვებდით?

ჩემ გვერდით ვისურვებდი ადამიანს, რომელიც ჩემზე ძლიერია, მამაკაცს, რომელიც მეამაყება, რომლითაც აღფრთოვანებული ვარ და რომლის ზურგს უკანაც ვდგავარ, ვარ უბრალოდ სუსტი ქალი და მისი გადაწყვეტილება არ განიხილება, იმიტომ კი არა, რომ კაცმა რადგან თქვა, უნდა გაკეთდეს – არა! უბრალოდ, პატივს ვცემ, ვენდობი და მისით ვარ აღფრთოვანებული… წყვილი უნდა მეგობრობდეს, ყველაფერში ერთად ყოფნა უნდა შეეძლოს, ყველა წამოწყებაში, სიყვარულია, ურთიერთობა თუ მეგობრობა… იდეალური ურთიერთობა ჩემთვის ესაა – ჩვენ ორს უნდა გვქონდეს სურვილი, რომ ერთმანეთს ვცეთ პატივი. ჩვენ უნდა ვიყოთ მეგობრები, პარტნიორები, კარგი საყვარლები…

დღს ვინმეთი თუ ხართ აღფრთოვანებული?

(იცინის) არა!..

ბევრი იფიქრებს, რომ თქვენი გარეგნობისა და პოპულარობის ქალს ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ეყოლება და აუცილებლად იპოვნის სიყვარულს…

ბევრი თაყვანისმცემლის ყოლა არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად კარგი არჩევანი გაქვს. მე ძალიან უნდა შემიყვარდეს, დიდ პატივს უნდა ვცემდე მამაკაცს. ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელთან ერთადაც ბედნიერად დაბერება მომინდება.

წლების შემდეგ როგორი იქნებით, გიფიქრიათ?

ზუსტად ისეთივე, როგორიც ახლა ვარ. მცდარი აზრია ის, რომ ვიღაც ცხოვრებამ გააბოროტა და ხასიათი შეუცვალა. ცხოვრება ბევრ რამეს გვიცვლის, მაგრამ შინაგანად რადიკალურად არ გვცვლის. ვართ ასეთები და გარკვეული სიტუაციები საზოგადოებას და ადამიანებს ანახებს ჩვენს ნამდვილ სახეს. ამიტომ წლების შემდეგ ცისანა იქნება უფრო ბედნიერი, უფრო ლაღი, პოზიტიური და უფრო მეტი შემართება ექნება!..

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g