მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის გადაცემულ ნორვეგიულ ჯილდოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, აღნიშნული ჯილდო „ქართველი ხალხის დაცინვაა“.
„ეს იყო ის საშინელი რეალობა, რომელიც 2012 წელს დაგვხვდა – როცა ადამიანებს დანაშაულებრივი სისტემა აწამებდა, აუპატიურებდა, ტანჯავდა, კლავდა და.. ახლა წარმოიდგინეთ, რამხელა დაცინვაა ჩვენი ხალხის და შეურაცხყოფა, რომ მთელს მსოფლიოში ცნობილი ავტორიტარული, თითქმის დიქტატორული მმართველი, ყოფილი მმართველი, სააკაშვილი, რომელიც იყო მჩაგვრელი, მკვლელი სისტემის შემოქმედი, დააჯილდოვეს ადამიანის უფლებების დარგში.
ეს ხომ ჩვენი ხალხის დაცინვაა? ეს ხომ წარმოუდგენელია. ამიტომ, ეს არის ჩვენი ხალხის დაცინვა და, რა თქმა უნდა, ეს არაფერს არ ნიშნავს.
ეს არის დაახლოებით იგივე, [არ მინდა ეს მძიმე შემთხვევა გავიხსენო] მაგრამ, რადგან ნორვეგიის ამ ორგანიზაციიდან ასეთი დამოკიდებულებაა, ნორვეგიაში გახსოვთ, რომ ბრეივიკმა ძალიან ბევრი ადამიანი დახოცა.
დაახლოებით იგივეა, რომელიღაც ქვეყანამ რომ ბრეივიკს მისცეს ჯილდო, იგივეა ჩემთვის.
სააკაშვილმა ასობით ადამიანი, ახალგაზრდა ჩახოცა.
მიხეილ სააკაშვილი გასამართლებულია გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მონაწილეობისთვის. მისი რეჟიმი იყო მკვლელი რეჟიმი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს ნორვეგიელი პოლიტიკოსის შურ ლინდერბრექეს პრიზი გადაეცა.
როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, მისთვის დიდი პატივია ადამიანის უფლებების და დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის ქვეყნისგან ჯილდოს მიღება, ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში.