100 ათას მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებლით საქართველო კოვიდ-რუკაზე პირველ ადგილს იკავებს.
საქართველოს ფეხდაფეხ მიყვება ლუქსემბურგი და მონტენეგრო.
ზაფხულში სამივე ეს ქვეყანა მწვანე ზონის ტიტულს ინარჩუნებდა და ტურისტებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილად მიიჩნეოდა. თუმცა პანდემია არაპროგნოზირებადი აღმოჩნდა და მსოფლიოში კვლავ ბევრი რამ შეცვალა.
მასალაში, რომელიც New York Times-მა გამოაქვეყნა, ბოლო ერთი კვირის სტატისტიკაა ასახული და ადგილობრივი მთავრობების, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცენტრის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯანმრთელობის ეროვნული კომისიისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებს ეყრდნობა.
საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 108 ათასს გადასცილდა. დღიური მაჩვენებლით კი ყველაზე მეტი დაინფიცირებული დედაქალაქში ფიქსირდება.