LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაშლა, ორად გაყოფა თუ ფორმალურად ერთად დარჩენა – რა ხდება და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ენმ-ში

305
ფოტო 1

„ნაციონალურ მოძრაობა“ ახალ თავმჯდომარეს რამდენიმე დღეში აირჩევს. პარტიაში თავმჯდომარის ხელახლა არჩევაზე საუბარი დაიწყო სექტემბერში, მაშინ როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტიის ოფისში აქტივისტებსა და ნიკა მელიას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მოთხოვნა, რომ ენმ-ს ახალი თავმჯდომარე ჰყოლოდა, პარტიის წევრების სახელით, 9 ნოემბერს ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერებმა ბრიფინგი გააჟღერეს.

9 იანვარს, სოციალურ ქსელში გავრცელდა აუდიოჩანაწერის ფრაგმენტი, რომელშიც სავარაუდოდ, ისმის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ხმა. ნიკა მელია სავარაუდოდ, საუბრობს პარტიის დამფუძნებელზე, მიხეილ სააკაშვილზე. ასეთი შთაბეჭდილება შექმნა აუდიოჩანაწერის შინაარსმა.

ჩანაწერის ნამდვილობა დადასტურებული არ არის. თავად პარტიის თავმჯდომარე აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ, პირველად მედიასთან გუშინ, 17 იანვარს გამოჩნდა და ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში თქვა, რომ ამ ჩანაწერის უკან  ვანო მერაბიშვილი დგას. მან გადაცემაში „რეაქცია“ არც ის დამალა, რომ მასა და ვანო მერაბიშვილს შორის დაპირისპირება 2020 წელს დაიწყო.

ნიკა მელია ვანო მერაბიშვილთან დაპირისპირების დეტალებზე საუბრობს

მელია აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი მართავენ. მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილი პარტიის თავმჯდომარეობის ოთხივე კანდიდატზე მეტად არის ჩართული საარჩევნო კამპანიაში.

„ის, პრაქტიკულად, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია ერთ-ერთი კანდიდატის. ეს ყველაფერი იმალება. რატომ? არ ვცემთ პატივს ჩვენ ჩვენს ამომრჩევლებს?!“ – კითხულობს მელიამ.

„პირად საუბრებში ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან მერაბიშვილი მიშა სააკაშვილს აბრალებდა ომის დაწყებას“ – გიორგი რურუა

ენმ-ის არჩევნებში მონაწილეობას იღებენ მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

რა ხდება ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში, აქვს თუ არა შანსი ნიკა მელიას დარჩეს პოსტზე და შეინარჩუნებს თუ არა პარტია ერთიანობას – ამ კითხვით „ფორტუნამ“ ექსპერტებს მიმართა.  

ექსპერტი ნიკა ჩიტაძე პარტიაში მოვლენების განვითარების ორ სცენარს ხედავს.

„შეიძლება განვიხილოთ 2 სავარაუდო სცენარი.

პესიმისტური სცენარი: არჩევნების შემდეგ დამარცხებული კანდიდატი და მისი გუნდი დატოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და შექმნის ალტერნატიულ პოლიტიკურ პარტიას, რასაც ადგილი ჰქონდა 2016-17 წლებში, როდესაც „ნაცმოძრაობას“ ინტელექტუალური გუნდი გამოეყო, რომლებმაც შემდგომ „ევროპული საქართველო“ შექმნეს. არაა გამორიცხული, ამ შემთხვევაშიც იგივე მოხდეს, რადგან დაპირისპირება სახეზეა.

ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, მიუხედავად განსხვავებული ინტერესებისა, ლიდერები პარტიის ინტერესებს უფრო მაღლა დააყენებენ, აღიარებენ დამარცხებას, გამარჯვებულს მიულოცავენ და პარტია შეინარჩუნებს ერთიანობას. რა თქმა უნდა, მეორე სცენარს ვისურვებდი“. – ამბობს ნიკა ჩიტაძე.

ექსპერტი გია ხუხაშვილი კი მიიჩნევს, რომ პარტიის შიდადაპირისპირება იმდენად შორს წავიდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანობის შენარჩუნება წარმოუდგენელი ხდება.

„მაღალი ალბათობით, პარტია ერთიანობას ვერ შეინარჩუნებს. ამ ტიპის კრიზისის სტაბილიზაცია ერთადერთი მეთოდითაა შესაძლებელი – მხარეებმა წინასწარ უნდა განაცხადონ, რომ ისინი აღიარებენ არჩევნების შედეგებს, როგორიც არ უნდა იყოს და დაემორჩილებიან პარტიულ დისციპლინას. ამ ვითარებაში კი ამ ტიპის შეთანხმების მიღწევა ძალიან რთულია.

პოლიტიკური წითელი ხაზებიც უკვე გადალახულია. შიდა დაპირისპირება იმდენად ღრმაა არის, რომ სიმართლე გითხრათ, ვერც წარმომიდგენია, როგორ როგორ უნდა მოხდეს, მისი გადალახვა. ჩემი პროგნოზია, რომ პარტია დაიშლება. შეიძლება ოფიციალურად ეს არ გამოცხადდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ელექტორალური დაშლა გარდაუვალია“. – აცხადებს „ფორტუნასთან“ ხუხაშვილი.

ექსპერტ ალექსანდრე თვალჭრელიძის აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს რეალურად ფინანსური ინტერესები ამოძრავებთ.

„ის, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება არის მიკრომოდელი იმის, რაც ქვეყანაში ხდება. პარტიაში იქცევიან ისე, როგორც ქართველები, ანუ ცუდად.

ქვეყანა არ აინტერესებთ, აინტერესებთ ფულადი ნაკადების მართვა. ერთმანეთს აბრალებენ რაღაცებს, ასე არ შეიძლება. პირადი ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე ეროვნული ინტერესები. ვარაუდი ბევრია, თუ საიდან მიდის პარტიაში ფული, მაგრამ არაფრის დამტკიცება შემიძლია, თუმცა პარტიას ფულადი სახსრები რომ აქვს, ცხადზე ცხადია.

არჩევნების შემდგომ პარტიის ბედიც ნათელია. დამარცხებულმა გამარჯვებულს რომც მიულოცოს, პარტიას ნაწილი გამოეყოფა. „ნაციონალური პარტიის“ დაშლა მაშინ დაიწყო, როდესაც მას „ევროპული საქართველო“ გამოეყო“. – ამბობს თვალჭრელიძე ჩვენთან საუბარში.

სამწუხაროდ კობახიძის ენით დაიწყო ჩემმა თანაგუნდელების ნაწილმა საუბარი: ლევან ხაბეიშვილი

ექსპერტ ნიკა ჩიტაძეს უჭირს საუბარი იმაზე, თუ რატომ შეიძლება დაწყებულიყო პარტიაში დაპირისპირება:

„დეტალები არ ვიცი, მაგრამ რაც მოხდა, ძალიან სამწუხაროა, რადგან „ნაცმოძრაობა“ მთავარი ოპოზიციური პარტიაა, რომელსაც მხარს უჭერს დაახლოებით, ნახევარი მილიონი ადამიანი.

ვერ გეტყვით, რა მიზანი უნდა ჰქონდეს მერაბიშვილს. მასთან დაკავშირებით მხოლოდ ის შემიძლია გავიხსენო, რომ მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ძალიან ბევრი რეფორმა განხორციელდა. მისი მინისტრობის დროს კრიმინალი დამარცხებული იყო და გუნდთან ერთად ქვეყნის მიმართ ბევრი დამსახურება აქვს“, – ამბობს ნიკა ჩიტაძე.

გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილის ინტერესებთან დაკავშირებული საკითხი შიდაპარტიული თემაა:

„არც ვიცი მერაბიშვილი რას ჩალიჩობს, არ მგონია, საინტერესო იყოს. სახელმწიფოებრივად ეს „ტილაობა“ საერთოდ არაფერს ნიშნავს“, – განმარტავს ხუხაშვილი.

ამავე თემაზე თვალჭრელიძე აცხადებს, „ყოფილი შს მინისტრი რუხ კარდინალს თამაშობს“.

„აშკარაა, რომ რუხ კარდინალს თამაშობს, რამდენად წარმატებულად, არ ვიცი, მაგრამ ის, რომ რაღაც ზეგავლენის მოხდენა სურს, ცხადია“, – ამბობს თვალჭრელიძე.

რა შეეხება კანდიდატების შანსებს, ნიკა ჩიტაძე ვარაუდობს, რომ მთავარი დაპირისპირება ორ კანდიდატს შორის გაიმართება. 

„ძირითადი დაპირისპირება იქნება ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილს შორის და გამარჯვების სასწორი  ვფიქრობ, ალბათ უფრო მელიასკენ გადაიხრება“. – ვარაუდობს ექსპერტი.

თვალჭრელიძის თქმით, ვინ გახდა გამარჯვებული, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან მისივე მოსაზრებით, პარტიამ თავიდან აღებულ გეზსა და პრინციპებს დიდი ხანია უღალატა.

„რა მნიშვნელობა აქვს, პეტრე გაიმარჯვებს, პავლე, თუ სხვა ვინმე. მთავარია, რომ ეს უცნაური, ექსტრემისტული პარტიაა და დიდი ხანია უღალატეს პრინციპებს, რომელსაც დაარსების დღიდან დაედო საფუძვლად.

მთავარია, პარტიამ რადიკალურად შეცვალოს კურსი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ არავითარი მომავალი არ აქვთ. თავად უნდა განსაჯონ, რა უნდა გახდეს პარტიისთვის პრიორიტეტული“. – ამბობს თვალჭრელიძე.

გია ხუხაშვილი ვერ პროგნოზირებს, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს არჩევნები:

„ამ პარტიის მხარდამჭერი არ ვარ და არც დიდი სპეციალისტი, რომ ვიწინასწარმეტყველო, ვინ შეიძლება, გაიმარჯვოს. სახელმწიფოებრივად ცუდს არაფერს ველოდები. პირიქით, შესაძლოა, ქვეყნის პოლიტიკურ პროცესს, წაადგეს კიდეც ამ პარტიის პრობლემები..

ორპოლუსიანობა კვებავდა მმართველ გუნდს და ამ პარტიის პრობლემები ორპოლუსიანობას დაასრულებს და სახელწიფოებრივად ეს ცუდი არ იქნება.“ – აცხადებს „ფორტუნასთან“ ხუხაშვილი და დასძენს, რომ პარტიაში  სამწუხაროდ, პოლიტიკური წითელი ხაზები გადაკვეთილია.

„ისეთი ბრალდებები ისმის, მხარეების მხრიდან, ძნელად წარმოსადგენია მათი შემდგომი თანამშრომლობა. ეს სიტუაცია არავის, თქვენ წარმოიდგინეთ, ყველაზე მეტად ხელისუფლებას არ აწყობს. შეიძლება [ოცნებაში] ამბობენ, რომ მოსწონთ, მაგრამ რეალურად არ მოსწონთ. „ნაციონალური მოძრაობა თუ დაიშალა, პირველ რიგში პრობლემას შეუქმნის ხელისუფლებას.

ხელისუფლება ხომ ორპოლუსიანობით „იკვებებოდა“. პოლიტიკური დღის წესრიგს ვერ ქმნიდნენ და მეორე პოლუსის დეპოლიტიზაციის ხარჯზე დებდნენ შედეგს. თუ მეორე პოლუსი არ იარსებებს, ხელისუფლებას უბრალოდ არგუმენტი აღარ რჩება. რით უნდა დაააშინონ ხალხი „ნაციონალური მოძრაობით“ ვეღარ შეაშინებენ. მიშათიც ვეღარ შეაშინებენ… სხვა რა უნდა გააკეთონ? სერიოზული პროპაგანდისტული პრობლემა უჩნდებათ“. – ამბობს ხუხაშვილი „ფორტუნასთან“ საუბარში.

“ნაციონალურ მოძრაობის” პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის შიდა არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ჩატარდება. პარტიის წევრები შეთანხმდნენ იმაზეც, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ე.წ. ბლოკჩეინ სისტემით აირჩევენ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g