ტელეჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ რამდენიმე წლის წინ პროექტი „ვეძებ“ დაიწყო და სოციალურ ქსელში შექმნილი ჯგუფის საშუალებით, უკვე მრავალ ადამიანს აპოვნინა დაკარგული ოჯახის წევრი.
დაკარგული, გაყიდული და გაშვილებული ჩვილების ისტორიებთან ერთად თამუნა საზოგადოებას წლების შემდეგ შეხვედრის ემოციურ კადრებსაც ხშირად უზიარებს. ერთ-ერთი ასეთი ვიდეო მან ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.
ამბავი ერთი წლის წინ მოხდა, – ფეისბუქ-ჯგუფის საშუალებით, 40 წლის შემდეგ, დედა შეხვდა შვილს, რომელიც გარდაცვლილი ეგონა.
40 წლის წინ, ჭიათურის სამშობიაროში დედას უთხრეს, რომ მესამე დღეს ახალშობილს ფილტვი არ გაეხსნა და დაიღუპა, თუმცა ჩვილი თბილისის მეორე სამშობიაროში წამოიყვანეს და 1 500 მანეთად გაყიდეს.
ემოციური ისტორიის დეტალებს თამუნა მუსერიძე „ფორტუნასთან“ იხსენებს:
„ქალბატონმა ჭიათურის სამშობიაროში 40 წლის წინ იმშობიარა. სამშობიაროში უთხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა და რომ მას ჭიათურის სამშობიაროს არარსებულ სასაფლაოზე დაკრძალავდნენ. მაშინ იმდენად დიდი იყო სამედიცინო პერსონალის მიმართ ნდობა, ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ამ ბავშვებს ყიდდნენ.
ახალშობილი ჭიათურის სამშობიაროდან კამოს ქუჩაზე მდებარე თბილისის მეორე სამშობიაროში გადაიყვანეს, აღმზრდელი მშობლები დაიბარეს და უთხრეს, რომ ბიოლოგიურმა დედამ ბავშვი საკუთარი ნებით დატოვა, მისულიყვნენ და ჩვილი ენახათ.
ამ ბავშვის გარდა, ოთახში (ვითომ დატოვებული) კიდევ რამდენიმე ჩვილი იყო. აღმზრდელ მშობლებს უთხრეს აერჩიათ, რომელი ბავშვიც უნდოდათ. გოგონას ფასი 1 000 მანეთი, ბიჭის ფასი კი 1 500 მანეთი იყო.
აღმზრდელმა მშობლებმა ბიჭი აარჩიეს და სამშობიაროდან წამოიყვანეს, მაგრამ რადგან, სამედიცინო პერსონალის თქმით, ბიოლოგიური მამა ადგილზე არ იმყოფებოდა, ბავშვის გაშვილებაზე ხელი მოაწერა მეორე სამშობიაროს დარაჯმა.
აღმზრდელმა დედამ შვილს სიმართლე გარდაცვალების წინ გაუმხილა და ბიოლოგიური მშობლების გვარებიც უთხრა.
ძებნა გაშვილებული ბიჭის მეუღლემ დაიწყო – დაგვიკავშირდა და პოსტი ჩვენს ჯგუფში დავდეთ. ბიჭმა არ იცოდა, რომ ჭიათურაში იყო დაბადებული, გვეწერა, რომ ის თბილისის მეორე სამშობიაროში იყო დაბადებული.
აღნიშნული პოსტის და ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ, ჭიათურიდან გაშვილებული ბიჭის ძმის ცოლი გამოგვეხმაურა.
მან გვითხრა, რომ მეუღლისა და მეუღლის დედის გვარები ემთხვეოდა და თან ბიჭები ერთმანეთს ძალიან ჰგვანანო.
ღვთის წყალობით, გვარები ვიცოდით… ძმებს შორის იმდენად დიდი მსგავსებაა, რომ მსგავსების გამო გენეტიკური ტესტის გაკეთება გადაწყვიტეს, მონაცემები გერმანიაში გაგზავნეს და ტესტის პასუხი დადებითი მოვიდა…
შეხვედრა საოცარი იყო, თავდაპირველად დედას ვერ ეუბნებოდნენ, რაც მათ თავს ხდებოდა – მან 40 წლის განმავლობაში იცოდა, რომ შვილი გარდაცვლილი ჰყავდა.
გაშვილებული ბიჭის ძმა საზღვარგარეთ ცხოვრობდა, გენეტიკური ანალიზის დადებითი პასუხის მოსვლისთანავე, მეუღლესთან ერთად საქართველოში ჩამოფრინდა და ძმას აეროპორტში შეხვდა (შეხვედრის კადრები იხილეთ ქვემოთ) შემდეგ კი დაკარგული შვილი დედას ჭიათურაში წაუყვანა.
როდესაც მიჰყავდათ, გზაში ნათესავს ათქმევინეს, ამიტომაც არის ამ მდგომარეობაში…
ამ დროის განმავლობაში, არც შვილმა იცოდა არაფერი, მან აღმზრდელის გარდაცვალების წინ გაიგო გაშვილების ამბავი და ბიოლოგიური მშობლების გვარი.
ქალი, რომელმაც ბავშვი გაყიდა, ცოცხალია, მისი ვინაობა აღმზრდელისგან ვიცით – აღმოჩნდა, რომ სწორედ მან ამშობიარა. რეალურად, ყველა სამშობიაროსთან ჰქონდა კონტაქტი, ჩადიოდა ბორჯომის, ჭიათურის სამშობიაროში და იქიდან მოჰყავდა ბავშვები“, – გვიყვება თამუნა მუსერიძე.
ძმების შეხვედრა აეროპორტში 40 წლის შემდეგ
„ფორტუნასთან“ საუბრობს გაშვილებული მამაკაცის ძმის მეუღლეც და ამბობს, რომ ჩვილის დედას წლების განმავლობაში ეჭვი არ ასვენებდა, რომ მისი შვილი ცოცხალი იყო:
„41 წლის წინ ჭიათურის სამშობიაროში იმშობიარა, რამდენიმე საათში ჩვილი მკვდრად გამოაცხადეს და ცხედარიც “თვითონ დაკრძალეს”. ქალბატონს ეჭვი წლების განმავლობაში არ ასვენებდა. სულ გრძნობდა რომ ცოცხალი იყო და მიცვალებულებში არ მოიხსენიებდა.
რაც თამუნა მუსერიძის ჯგუფი შეიქმნა, ეჭვებიც გამძაფრდა. გავაკეთეთ ამონაწერი იუსტიციიდან, საიდანაც ეჭვი დამტკიცდა. დავწერეთ განცხადება, ვეძებ ჯგუფში, ვკითხულობდი ყველა პოსტს და კომენტარს და 19 აგვისტოს ვკითხულობ კომენტარს: „არ მინდა, ისე მოვკვდე, ჩემს სისხლს და ხორცს არ მოვეფერო“.
იმ წამს მივწერე და აქედან დაიწყო ყველაფერი, ბევრი დამთხვევის გამო, მეორე დღესვე გავაკეთე გენეტიკური ანალიზი და პასუხიც დადებით მოვიდა. ბავშვი გადმოყვანილი იყო ჭიათურიდან თბილისის მეორე სამშობიაროში, შემდეგ გადაყვანილი კერძო ბინაში, საიდანაც გააშვილეს.
როგორც აღმზრდელმა მშობლებმა უთხრეს, რამდენიმე ბავშვი იყო და არჩევა შესთავაზეს, სანაცვლოდ ოქროს ბეჭედი და გოჭი მიიტანეს, გამოყვანილი იყო ყარაულის გვარზე.
გენეტიკური ანალიზის პასუხის მეორე დღესვე ძმა საქართველოში ჩამოვიდა და ერთად მივედით დედასთან, ემოცია და განცდები მთელმა საქართველომ ნახა. ბედნიერებაა, როცა დიდი ოჯახი ოქროს რგოლს იპოვი.
მადლობა თამუნა მუსერიძეს ამ ჯგუფის შექმნისთვის.
დედა საჩხერეშია, შვილი თბილისში, ერთმანეთთან სულ ჩადიან. ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს, მამამთილიც ძალიან ბედნიერია, ბიჭებს კიდევ ერთი ძმა ჰყავთ“ – უყვება „ფორტუნას“ მაკა ბაწლაშვილი.