ნუცა ბუზალაძე „ამერიკის ვარსკვლავის“ კონკურსანტია. ქართველმა მომღერალმა მთავარი კასტინგი გაიარა, დანარჩენი ყველაფერი კი საიდუმლოა მანამდე, სანამ მისი მონაწილეობით ეპიზოდი ეთერში არ გავა.
მსოფლიო ვარსკვლავების წინაშე ქართველი მომღერლის გამოსვლას ძალიან მალე ვიხილავთ.
fortuna.ge ნუცას აშშ-ში დაუკავშირდა, სადაც ის კონკურსისთვის იმყოფება და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
აღსანიშნავია, რომ ნუცას ყველაფერზე საუბრის უფლება არ აქვს, სანამ ეპიზოდი ეთერში არ გავა.
როგორ აღმოჩნდი „ამერიკის ვარსკვლავის“ კასტინგზე?
ნუცა ბუზალაძე:
უკვე 8 წელია, რაც ამ პროექტში მოხვედრა მინდა, თუმცა ძალიან რთული გზა გავიარე. შეუძლებელიც კი იყო ჩემთვის, იმდენჯერ ვცადე, მაგრამ არ ვნებდებოდი. ბოლო ცდაზე გამოვიდა. საოცარი შეგრძნება მქონდა, დაუვიწყარი ემოციები იყო ჩემთვის. ჟიურის წევრები არიან ლეგენდები, განსაკუთრებით ლაიონელ რიჩი. ვერ ვიჯერებდი, რომ მათ წინაშე უნდა მემღერა. რომ ჩადიხარ და ნახულობ, რამდენი ადამიანი მუშაობს პროექტზე, როგორ მუშაობენ და რა ხარისხით, ეს ცალკე გამოცდილებაა.
კასტინგი თავდაპირველად ონლაინ გაიარე?
ონლაინ გავიარე და მერე ჩავედი. ხუთი კასტინგი გავიარე, სანამ ჟიურის წევრებამდე მივიდოდი. ჯერ კასტინგ დირექტორებს შევხვდი, შემდეგ პროდიუსერებს, შემდეგ მივედი მათთან, ვისაც „ღმერთებს“ ეძახიან. თუ ისინი გეტყვიან კი-ს, მაშინ ჩადიხარ ამერიკაში მთავარ კასტინგზე. არაფერი გამჭირვებია. ისეთი პროდიუსერები ჰყავთ, რომ პირიქით, სურთ კომფორტის შექმნა, რომ შენი ნიჭის მაქსიმუმი აჩვენო. ძალიან გახსნილი ვიყავი ასეთი მიდგომების გამო. ბოლომდე თავისუფლება გაქვს. სიმღერის შერჩევისას, მათ შორის. არ გაძალებენ, რომ თავად რასაც ფიქრობენ, ის იმღერო. მუსიკალურმა პროდიუსერმა მითხრა, ამდენს რომ იფრენ და დაიღლები, არ მინდა, ისეთი რამ გამღერო, რომ დისკომფორტი შეგექმნას, ამიტომ თავად შეარჩიეო.
რა სიმღერები შეასრულე მათ წინაშე?
კასტინგზე შევასრულე ორი სიმღერა – Lady Marmalde, რომელიც ძალიან მიყვარს, აქ წარმოვაჩინე ჩემი არტისტული მხარე, თამაშობ, ცეკვავ და მღერი, ოღონდ არაფერი მახსოვს, ისეთ შოკში ვიყავი სიმღერისას. მეორე სიმღერად შევასრულე უიტნი ჰიუსტონის Greatest Love Of All. აქ უკვე ვოკალური მხარე წარმოვაჩინე.
გაქვს უფლება, გვითხრა, გადახვედი თუ არა კასტინგის შემდეგ მომდევნო ტურში?
არა, ამის უფლება არ მაქვს. მხოლოდ შემიძლია გითხრათ ის, რომ 26 თებერვალს უნდა უყუროთ ეპიზოდს.
როგორი კონკურენტები გყავს?
კასტინგის ნახვის უფლება მონაწილეებს არ გვაქვს, შესაბამისად, არ მინახავს. ვინც პირადად გავიცანი, ყველა კარგი მომღერალია. მგონია, ამ პროექტში ვერ მიიღებ მონაწილეობას, თუ არ ხარ კარგი მომღერალი. ყველა განსხვავებულია, თავისი სტილით, საუკეთესო ადამიანები არიან. იმდენ კომპლიმენტს გეუბნებიან, სანამ სამღერლად გახვალ, კონკურენტად ვერ ჩათვლი.
პირველი ქართველი ხარ, რომელიც ამ პროექტში მონაწილეობს და რა შეგრძნება გქონდა, როდესაც სოციალურ ქსელში ათასობით ადამიანი გილოცავდა?
სხვათა შორის, მე არ მინდოდა გამოქვეყნება, მაგრამ რადგან პროექტიდან დაგვრთეს უფლება, დავდე პოსტი. ამერიკის ასეთ გრანდიოზულ სატელევიზიო პროექტში ქართველის მონაწილეობა არ მახსოვს. ბავშვობიდან ვგრძნობდი იმას, რომ ეს ქვეყანა და ეს პროექტი, სტილი, თავისუფლება, ჩემია. ის ადამიანები, ვინც მგულშემატკივრობს და ვუყვარვარ, სულ გამოთქვამდნენ სურვილს, რომ მსგავს პროექტში მიმეღო მონაწილეობა. ამერიკა თავისუფლების ქვეყანაა და ყველა გიჟური იდეის განხორციელება შეგიძლია. ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან მაინც მოვხვდებოდი აქ… მივეჩვიე და გავაანალიზე, რა მოხდა, მაგრამ როცა დამირეკეს და კასტინგზე ვიყავი წასასვლელი, შესაჯანჯღარებელი გავხდი, რომ რეალობად აღმექვა. როცა მომენტი დგება, რომ იმ ოთახში უნდა შეხვიდე, ვერ აგიღწერ, რა შეგრძნებები გაქვს – შიშიც, ბედნიერების ცრემლებიც გაწვება…
ფსიქოლოგიურად ჩემი თავი ხელში ავიყვანე. საკუთარ თავს ვუთხარი, მაგარი შანსი გაქვს, რომ შენი თავი წარმოაჩინო და უნდა წარმოაჩინო-მეთქი.
გყავს ახლობელი გულშემატკივარი გვერდით?
ჩემი დეიდაშვილი, რომელიც სულ ჩემთან ერთადაა. იქით ვაწყნარებდი მარის, ისე ნერვიულობდა.
მთავარი კასტინგისთვის სამოსი როგორ შეარჩიე?
არ მინდოდა, რომ ძალიან გაპრანჭული ყოფილიყო. შევარჩიე შუალედური სამოსი. თეთრი პიჯაკი მინდოდა და ჩემი ძალიან კარგი მეგობარი და გულშემატკივარი მის შერჩევაში მომეხმარა. შორტი მოვუხდინე, რადგან კასტინგი ლას ვეგასში გავიარე. ქუსლიან ფეხსაცმელზე ვფიქრობდი, მინდოდა თუ არა და ბოლოს მაინც მასზე გავაკეთე არჩევანი. თმა გაშლილი მქონდა და დახვეული.
ნუცა, უამრავ კონკურსში მიგიღია მონაწილეობა. ეს იყო ყველაზე დიდი ღელვა?
ყველა წინა კონკურსს არ მივიჩნევ იმად, რისი გაკეთებაც რეალურად მინდოდა. ეს არის ის, რაც მართლა მინდოდა და მჭირდებოდა. მე ისეთი ტიპი ვარ, რაზეც ხელი მიმიწვდება, ყველაფერს ვაკეთებ. რაც აქამდე გამოვიარე, რაღაცნაირად მოსამზადებელი ეტაპი იყო ამ მომენტამდე მოსასვლელად. რამხელა პასუხისმგებლობაა, როცა მთელი ამერიკა გიყურებს და უნდა დაგიმესიჯოს. ამ კონკურსისთვის ამერიკაში საუკეთესოებს არჩევენ. როცა უცხოეთის მოქალაქე ჩადიხარ მსგავს პროექტში, უკვე უნდა გქონდეს ძალიან დიდი გამოცდილება.
ქართველი მაყურებლისთვის როგორი იქნება შენი გამოსვლა?
ძალიან დიდი სიურპრიზი იქნება. ვფიქრობ და ზუსტად ვიცი, ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვება. ვფიქრობ, ამერიკისთვისაც ჩემი ისტორია ძალიან საინტერესო იქნება – სამოტივაციო ბევრი ადამიანისთვის. ჯერ საქართველოდან წავედი დუბაიში, შემდეგ დუბაიდან – ამერიკაში. ჩემი გზა იწყება პატარა ქვეყნიდან და ძალიან საინტერესო ამბავი გამოდის.
რას ელოდები ამ პროექტისგან?
ამ პროექტისგან ველოდები იმას, რაზეც ბავშობიდან ვოცნებობდი. ჩემი ოცნება ბავშობიდან იყო ჰოლივუდი და ეს პროექტი ჰილოვუდის გასაღებია, იმდენი ვარსკვლავი ჰყავს აღმოჩენილი…
ინტერვიუ: ნინო მურღულია
ნუცა ბუზალაძე „ამერიკის ვარსკვლავის“ მონაწილეებთან ერთად ფოტოებს აქვეყნებს
ვიდეო: „ყველაფერი რასაც ვამბობდი ახდა“ – ნუცა ბუზალაძე 9 წლის წინ ჩაწერილ ინტერვიუს გვიზიარებს