“ეს ალიყური და გალაწუნება მიიღოს ოპოზიციამ და დროულად მიიღონ გადაწყვეტილება, რომ ჩადგნენ ხალხის სამსახურში”,- ასე უპასუხა NDI-ს კვლევის შედეგებს “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ “ფორტუნას” გადაცემა “დღის თემაში”.
მისი განცხადებით, NDI-ს კვლევის შედეგებში ნათლად გამოჩნდა მოქალაქეების განწყობა ოპოზიციური პარტიების მიმართ.
“დიდ პატივს ვცემ ამერიკულ ინსტიტუტს, მაგრამ ცხადია საველე სამუშაოები საქართველოში ტარდება და ამას ასრულებენ ის ორგანიზაციები, რომლებიც დაახლოებულები არიან “ნაციონალურ მოძრაობასთან”. მიუხედავად ამისა, მათ მაინც ვერ დამალეს განწყობები ოპოზიციური პარტიების მიმართ.
NDI-ის კვლევა განწყობებს ზუსტად ასახავს“ – ექსპერტი
მმართველ პარტიას მიუხედავად იმ პრობლემებისა და გამოწვევებისა, 6-ჯერ უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს საქართველოში, ვიდრე “ნაციონალურ მოძრაობას”. დანარჩენებს, ე.წ შალვას ფანჩატურის მონაწილეებს ჯამში 9%.
ეს იმაზე მეტყველებს, რომ იქ სადაც მსოფლიო საზოგადოება ეუბნება, რომ ამ არჩევნებზე ფუნდამენტური უფლება დაცული იყო და მაინც იძახიან, რომ გაყალბდა, ბუნებრივია ამ მოცემულობაში მათი მხარდამჭერებიც იმედგაცრუებულები არიან.
არ ვიცი ის ადამიანი, ბელადი რომ ჰყავთ რა მანიპულაციებს უკეთებს ამათ, რომ ასეთი არაადეკვატურები ხდებიან. ამომრჩევლების 76% ეუბნება, რომ პარლამენტში უნდა შევიდეს ოპოზიცია და უნდა შეასრულოს ის მოვალეობა რაც დააკისრა მოსახლეობამ. მაინც ვერ აკეთებენ.
გარდა ამისა, 45%-მა თქვა, რომ ქვეყანაში არის დემოკრატიული პროცესები, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. უფრო მეტიც, მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ არჩევნების დღეს მათზე ზეწოლა არ ყოფილა,
ამიტომ ეს ალიყური და გალაწუნება მიიღოს ოპოზიციამ და დროულად მიიღონ გადაწყვეტილება, რომ ჩადგნენ ხალხის სამსახურში”,-განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
NDI-ს ინფორმაციით, კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია ±1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.