ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტს საგარეო ვიზიტებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მხრიდან თანხმობა არ აქვს, რასაც თავისი მიზეზები აქვს.
მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, რადგან ნებართვაზე უარის მიუხედავად, მაინც მიემგზავრება. ამასთან, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, როდესაც პარლამენტის ტრიბუნაზე წლიური ანგარიშით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს ევროპული პერსპექტივის საზიანო განცხადებას აკეთებს, მისი ე.წ. ვოიაჟი რისკის შემცველია.
„საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს საქართველოს მთავრობის თანხმობა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ახორციელებს შესაბამის უფლებამოსილებას და მის კომპეტენციაშია საგარეო კურსის განსაზღვრა და ამ კურსის შესაბამისად მოქმედება.
აქედან გამომდინარე, დიახ, საქართველოს პრეზიდენტი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ის, რომ მთავრობამ ნებართვა არ მისცა და მაინც მიდის, ეს კონსტიტუციის დარღვევაა და კონსტიტუციის უპატივცემულობაა და მეორე მხრივ, ამ დაუთანხმებლობას მთავრობის მხრიდან აქვს კონკრეტული მიზეზები, მაგალითად, მე შემიძლია გაგახსენოთ აქ, საქართველოს პარლამენტის ტრიბუნასთან საქართველოს პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა, რომელიც იყო საქართველოს ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო გამოსვლა, ალბათ, ყველა დამეთანხმებით გულში მაინც.
რა იყო საქართველოს ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო?! რომ საქართველო თითქოს დღეს არ იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას და არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს პათოსი იყო მაშინ მის განცხადებაში, ეს თქვა. საქართველო დღეს გატარებული რეფორმებით ახორციელებს ყველა საჭირო მოქმედებებს, რომლებიც ევროპული კურსის სწორად განსაზღვრისთვის, როგორც პრიორიტეტისა ამ ქვეყნისთვის, არის საჭირო და მეორე, ასრულებს რეკომენდაციებს შესაძლებლობის მაქსიმუმის ზღვარზე. ვიცით, რომ თუკი ობიექტური შეფასება სადმე დაიდო, მათ შორის, ევროკავშირის ობიექტური შეფასება, ეს იყო ქულებითაც, კრიტერიუმებითაც, შეფასება, სადაც საქართველო იყო მოწინავე ადგილზე, სხვა ქვეყნებს ანალოგიურ სიტუაციებში მყოფებს ვუსწრებთ ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრით.
მაშინ, როდესაც ამ ფონზე ჩვენი ევროპელი კოლეგებიც კი შეფასებითი კრიტერიუმებით ადასტურებენ, რომ საქართველო პირველია ამ მიმართულებით და საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან საწინააღმდეგოს საუბრობს, რა თქმა უნდა, რისკები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ვოიაჟი, რომელსაც არ ეთანხმება მთავრობა, სწორედ ამის გამო იყოს ამ მიზეზიდან გამომდინარე.
სულ რომ ეს ქვეყანა და მისი ხელისუფლება რეკომენდაციებს შესაბამისად არ და ვერ ასრულებდეს, საქართველოს გულშემატკივარმა, საქართველოს მოქალაქემ, სტატუსის მიუხედავად, უნდა თქვას, რომ რეკომენდაციები სრულდება და საქართველო სტატუსს იმსახურებს, მით უმეტეს, როდესაც ეს მართლაც ასე ხდება. როდესაც საქართველოს მოქალაქე, ჟურნალისტი, პრეზიდენტი, თუ ნებისმიერი მოქალაქე, ამბობს, რომ არა არ იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსს, რეკომენდაციები არ არის შესრულებული, არ ვდგავართ ჩვენ სწორ გზაზე, ჩვენ ვადგავართ რუსეთის გზას, ეს არის საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, ეს არის საბოტაჟი და სწორედ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებასთან დაკავშირებულ რისკებთან არის საქართველოს მთავრობის დაუთანხმებლობა დაკავშირებული.
ვერ ააყირავებთ ამ შემთხვევაში ხელისუფლებას და ამიტომ არ გსურთ თქვენ [მთავარ არხს] და სალომე ზურაბიშვილს, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა მდინარაძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი გამორიცხულია. როგორც მდინარაძემ განმარტა, კონსტიტუციის დარღვევა არის იმპიჩმენტის საფუძველი, თუმცა იმპიჩმენტთან დაკავშირებით მმართველი პარტია საკითხს არ დაძრავს შემდეგი მიზეზის გამო – ყველა ხედავს, თუ როგორ იცავს „ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილს.
„იმპიჩმენტს რაც შეეხება, „მთავარი არხიც“ კი ანუ იგივე „ნაცმოძრაობა“ როგორ იცავს სალომე ზურაბიშვილს, ალბათ ხედავთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმპიჩმენტის შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება ოპოზიციის ხმებიც. ოპოზიცია და პრეზიდენტი დღეს ერთ ხმაში საუბრობს, მათი ტელევიზიები, მათი პოლიტიკური განშტოებები ანუ „ნაცმოძრაობა“, კლასტერი, ყველა ერთ ხმაში საუბრობს და დღევანდელმა დღემაც აჩვენა, როგორ უჭერს მხარს „ნაცმოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილს. შესაბამისად, იმპიჩმენტი გამორიცხულია, ამიტომ, იმ საკითხის დაძვრასაც, რაც თავიდანვე გამორიცხულია, აზრი არ აქვს“, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს, 30 აგვისტოს გაავრცელა.