LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაწყვეტილი გვაქვს, ევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის აღებისგან თავი შევიკავოთ: ღარიბაშვილი

70
ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობამ გადაწვიტა ნებისმიერი ინსინუაციის თავიდან აცილების მიზნით, ევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის აღებისგან თავი შეიკავოს. აღნიშნულის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტების ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების საკითხზე შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ისაა, რომ ხელისუფლება საგარეო ვალის შემცირებას ცდილობს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ საქართველოს მისამართით ევროკავშირიდან სანქციები და შეფერხებები წამოვიდეს.

„ტრაგედია არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და მათ შორის, ჩვენი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი დადის ევროკავშირის სტრუქტურებში, მოგეხსენებათ, ის არის ევროკავშირის სახალხო პარტიაში და ყველა მცდელობა აქვს, ჩვენი მიმართულებით რაღაც სანქციები და შეფერხებები წამოვიდეს.

რაც შეეხება მაკროფინანსურ დახმარებას, ეს არის სესხი, რომლის ნაწილიც ავიღეთ 2020 წელს. 75 მლნ ევროს მეორე ნაწილი სესხი იყო, რომელიც არ იყო გრანტი და დახმარება, ამის თაობაზე ალბათ, მოგვიანებით ფინანსთა სამინისტრო გააკეთებს განცხადებას.

გამომდინარე იქიდან, რომ წელს დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება, მაღალი ალბათობით, ამ თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება. მადლიერი ვართ ევროკავშირის ყველა იმ დახმარებისთვის, რომელიც მათ პანდემიის დროს აღმოგვიჩინეს და ზოგადად, ყველაფრისთვის, რასაც ჩვენთვის აკეთებენ. ჩვენ ამ მიმართულებით წინსვლას გავაგრძელებთ,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მეორე მხრივ ამ საკითხმა დიდი პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა, ამიტომ ნებისმიერი ინსინუაციების თავიდან აცილების მიზნით, მთავრობა არ გამორიცხავს და გადაწყვეტილიც აქვს, რომ თავი შევიკავოთ ამ მეორე ნაწილის სესხის სახით აღებაზე.

„მთავარი მოტივი არის ის, რომ ეტაპობრივად დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება. გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური გზა, ივლისის თვის ზრდაც 10%-მდე იქნება, რაც ჯამში 7 თვის განმავლობაში იქნება 12.2% ეკონომიკური ზრდა. ეს დამატებით შემოსავალს გააჩენს ბიუჯეტში და ამ ტემპის შენარჩუნებით წლის ბოლოს გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.

ჩვენი ოპონენტები გადასული არიან საბოტაჟის რეჟიმზე, რომ რაიმენაირად შეაფერხონ ჩვენი ქვეყნის წინსვლა დასავლეთის მიმართულებით, ეს არის მტრული, მავნებლური დამოკიდებულება“, – აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „პალიტრანიუსის“ ეთერში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, რადგან ეკონომიკური ზრდის შედეგად ბიუჯეტში დამატებით 1 მლრდ ლარის აკუმულირება მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g