LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც ქართულის გამოცდაზე უმაღლესი 60 ქულა მიიღეს: „მთავარია, საკუთარი თავისა და შესაძლებლობების გვჯეროდეს, ვიშრომოთ და ბოლოს შედეგს აუცილებლად ვნახავთ“

1402
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (4)

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2023 წლის ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა ნაშრომებისა და ქულების გამოქვეყნება დაიწყო. დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველადი შედეგები გამოქვეყნდა.

mshoblebi.ge წერს იმ აბიტურიენტების შესახებ, რომლებმაც 60 ქულის მიღება შეძლეს. გთავაზობთ, ინტერვიუდან ამონარიდებს:

სკოლა „ოპიზას“ კურსდამთავრებული, ნია ჩაჩანიძე:

„ეს საკმაოდ დიდი შრომის შედეგია, მოვინდომე, ბევრი რამ წავიკითხე და სისტემატურად ვმუშაობდი. მასწავლებელთანაც დავდიოდი და საბოლოოდ, ყველაფერმა ერთად, გაამართლა. საუკეთესო მასწავლებელი მყავდა და ამ შედეგში მისი როლი ძალიან დიდია. მშობლებიც მაქსიმალურად მეხმარებოდნენ და მგონია, მათ გარეშე არაფერი გამომივიდოდა. უმაღლესი შედეგის მისაღწევად ზოგად განათლებას, კლასგარეშე ლიტერატურის წაკითხვას, ფილმების ნახვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მასწავლებელი ხშირად გვირჩევდა, რა ტიპის მასალისთვის მიგვექცია ყურადღება. თავად ფილმების ყურებაც ძალიან მიყვარს და არგუმენტირებულად დასაბუთების ნაწილში, ბევრი მაგალითის მოყვანა შევძელი. მომავალ აბიტურიენტებს მინდა ვუთხრა, რომ თუკი რაიმე სურვილი აქვთ, ყველაფრის ასრულებას შეძლებენ, მთავარია, მოინდომონ და შრომა არ დაეზაროთ“

ახალთერჯოლის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ნინი აბჟანდაძე:

„რა თქმა უნდა, ეს დაუღალავი შრომის შედეგია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ჩემი დამსახურებაა. ძალიან კარგი მასწავლებელი მყავდა და დიდ მოტივაციას მაძლევდა. საკუთარი თავის მჯეროდა, მაგრამ მაინც ძალიან ვნერვიულობდი. რაკი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა პირველი იყო, განსაკუთრებით ვღელავდი. მაქსიმალურ შეფასებას არ ველოდი, მაგრამ, როგორც ჩანს, შრომამ, მასწავლებლის ძალისხმევამ გაამართლა და დავრწმუნდი, რომ მონდომება და შრომისმოყვარეობა არასოდეს დაგვეკარგება. თემის წერისას ბევრი სხვადასხვა ციტატა, არგუმენტი გამახსენდა და ვფიქრობ, ზოგად განათლებასაც დიდი როლი აქვს. ტექსტის რედაქტირებაც უშეცდომოდ დავწერე. ამ პროცესს, რა თქმა უნდა, ნერვიულობა თან სდევს, მაგრამ მთავარია, საკუთარი თავისა და შესაძლებლობების გვჯეროდეს, ვიშრომოთ და ბოლოს შედეგს აუცილებლად ვნახავთ“

ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის 41-ე სკოლის კურსდამთავრებული, ბარბარე ფანცხავა:

„ვფიქრობ, უმაღლესი შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია, რომ სკოლის წლებში პროგრამას ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ და მხოლოდ მე-12 კლასში არ გადავწყვიტოთ ერთიანად ყველაფრის შესწავლა. რა თქმა უნდა, დიდი მონდომების შემდეგ, სასურველი შედეგის მიღწევა ასეც შესაძლებელია, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ წლების განმავლობაში ვმუშაობდი, კარგად ვსწავლობდი, ძალიან დამეხმარა. ბოლო წელი რეპეტიტორთანაც დავდიოდი. წიგნების წაკითხვა განსაკუთრებით მიყვარს და არგუმენტების ჩამოყალიბებისას ესეც დამეხმარა.

მასწავლებელი დიდ მოტივაციას მაძლევდა და ვცდილობდი, მაქსიმალურად გამომეყენებინა ჩემი შესაძლებლობები. ოჯახის წევრები საკმაოდ მშვიდ გარემოს მიქმნიდნენ და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. მომავალ აბიტურიენტებს მინდა ვუთხრა, ხშირად ის ფონი, რაც სოციალურ ქსელებში გამოცდებთან დაკავშირებით იქმნება ხოლმე, გადაჭარბებულია, ნუ ინერვიულებთ, შეეცადეთ, თქვენი შესაძლებლობები ბოლომდე გამოიყენოთ და სასურველ შედეგსაც მიიღებთ“

იხილეთ ინტერვიუ ვრცლად აქ.