თუ გაგაჩნიათ მოსამართლეების ე.წ. „შავი სია“, რომლებიც არ იმსახურებენ დაწინაურებას, ერთხელ და სამუდამოდ, გამოაჩინეთ ეს სრული სია! – ასე მიმართავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს ეკა გიგაურს.
სერგო მეთოფიშვილი ეკა გიგაურის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, „ქართულმა ოცნებამ“, ვიდრე ტექნიკურ დეტალებზე ისაუბრებს, მკაფიოდ უნდა თქვას, აპირებს თუ არა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატთა სიაში მყოფი მოსამართლეებისთვის ხმის მიცემას.
„მგონი ქალბატონმა გიგაურმაც ბოლომდე მოიხსნა ნიღაბი! მშვენიერია! რაც უფრო მეტი ადამიანი მოიხსნის ნიღაბს და აჩვენებს საზოგადოებას მის ნამდვილ სახეს, მით უკეთესია! იმედია, ახლა მაინც დარწმუნდა საზოგადოება იმაში, რომ ქალბატონ გიგაურს, ისევე როგორც ბევრ სხვა პოლიტიკოს, სინამდვილეში არ აინტერესებს არანაირი კრიტერიუმები, არ აინტერესებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, არ აინტერესებს თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკა, არ აინტერესებს საკუთარი ქვეყნის კონსტიტუცია და ა.შ. განსაკუთრებით კი მას და მის თანამოაზრე პოლიტიკოსებს არ აინტერესებთ არანაირი კრიტერიუმები! მათი ლოზუნგი – “ჯერ კრიტერიუმები შემუშავდეს და მერე მოხდეს უზენაესი მოსამართლეების არჩევა” – ეს არის მათი მხრიდან მხოლოდ ფარსი! მათი მიდგომა ემსახურება იმას, რომ სისტემის შიგნიდან არავინ არ დაწინაურდეს უზენაეს სასამართლოში (მათი შეფასებით – მთელი სასამართლო სისტემა ხომ უვარგისია და შესაცვლელია) და გარედან მოხდეს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება გიგაურის და სხვა რამდენიმე პოლიტიზირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გარკვეული პოლიტიკოსთა ჯგუფის მიერ მოწონებული და მათთან დაახლოებული ხალხით (რასაც აკეთებდა კიდეც მარგველაშვილი), რათა დაიმორჩილონ სასამართლო! ეს, როგორც უკვე არაერთხელ ვთქვი, პირდაპირ წინააღმდეგობაშია უცხოეთის პრაქტიკასთან, სადაც მხოლოდ კარიერული დაწინაურების პრინციპი მოქმედებს.
ქალბატონო ეკა, მგონი დაიღალეთ ყველა თქვენი “ფეიქ ფარსებით”, “ფეიქ ანგარიშებით” და “ფეიკ ნიუსებით”, ამიტომ, მივმართავ ქალბატონ გიგაურს და მისნაირად მოაზროვნე პოლიტიკოსებს – რომ აღარ დაღალოთ საზოგადოება გაანებეთ ამ ფარსს თავი, თქვენ არანაირი კრიტერიუმები რეალურად არ გაინტერესებთ, თუ გაგაჩნიათ მოსამართლეების ე.წ. შავი სია, რომლებიც თქვენი აზრით არ იმსახურებენ დაწინაურებას, ერთხელ და სამუდამოდ, გამოაჩინეთ ეს სრული სია!
თუ გაქვთ მოსამართლეების „შავი სია“, ვინც თქვენი აზრით გასაგდებია სასამართლოდან, ეს სიაც ერთხელ და სამუდამოდ, სრულად გამოაჩინეთ! ამით ბევრი რამ გაირკვევა!
ერთი კითხვა მაქვს ქალბატონ გიგაურთან: ქალბატონო ეკა, გულწრფელად მინდა გავიგო – თქვენი აზრით, საია-ს ყოფილი და მოქმედი წევრების გარდა უზენაესი სასამართლოს წევრად შეიძლება სხვაც იქნეს არჩეული?“ – წერს სერგო მეთოფიშვილი.