„პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ერთობლივი ძალისხმევით, განათლების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველყოფა მოხერხდა” – აღნიშნა განათლების მინისტრობის კანდიდატმა და პანდემიის ფონზე, სისტემურ წარმატებებზე ვრცლად ისაუბრა .
მიხეილ ჩხენკელი პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წინაშე სიტყვით დღეს გამოვიდა.
როგორც მან აღნიშნა, სამინისტროს მიერ განხორციელებულმა ანტიკრიზისულმა ღონისძიებებმა საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციებისგან მაღალი შეფასებაც დაიმსახურა:
“კორონავირუსის პრევენციისა და მოსწავლეებისთვის განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის დროულად შეიმუშავა შესაბამისი რეკომენდაციები და წარმატებით დანერგა სისტემაში დისტანციური სწავლების სხვადასხვა პლატფორმა.
სამინისტროსა და Microsoft-ს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, ყველა კლასისა და საგნისთვის შეიქმნა ვირტუალური საკლასო ოთახი და გააქტიურდა უნიკალური პროფილები მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის;
ქართულ ენაზე ითარგმნა Microsoft-ის საგანმანათლებლო პორტალი (Teams), რომელშიც ინტეგრირდა ელექტრონული რესურსების პლატფორმა – el.ge.” – განაცხადა ჩხენკელმა