ფსიქიატრიულ კლინიკაში კლინიკაში უარყოფენ იმ ფაქტს, რომ მათთან ადგილების პრობლემაა და სწორედ ამის გამო არ დატოვეს გუშინ მამაკაცი, რომელმაც დღეს 14 წლის ძმისშვილი დანით მოკლა.
„ვინც კი მოგვმართა გუშინ და საჭიროებდა მკურნალობას, ყველა მივიღეთ,“ – განაცხადეს კლინიკაში.
აქვე ამბობენ, რომ პაციენტი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და ის გარშემომყოფებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.
„გარშემომყოფებისთვის საშიშ მდგომარეობაში არ იყო. აღინიშნებოდა გარკვეული ნარკოტიკული ნივთიერების თრობის მდგომარეობა. აქტიური ფსიქოზური გამოვლინებები, იმ წუთში არ ჰქონდა. თვითონ მოქალაქე უარს აცხადებდა მკურნალობაზე, ამბობდა, რომ არ საჭიროებდა მკურნალობას,“ – განმარტეს კლინიკაში.
შეგახსენებთ, დღეს 29 წლის მამაკაცმა 14 წლის ძმისშვილი დანით მოკლა, შემდეგ კი ფანჯრიდან გადახტა და გაქცევას აპირებდა. მამაკაცი პოლიციამ დააკავა. მან თავად განაცხადა, რომ მოზარდი მოკლა.
ბრალდებულის მეგობრები ამბობენ, რომ ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, გუშინ ის კლინიკაში გადაიყვანეს, საიდანაც ფსიქიატრიულში გადაამისამართეს. მისი მეგობრები ამბობენ, რომ ფსიქიატრიულში მის დატოვებაზე ადგილების გამო უარი უთხრეს, ხოლო ნარკოლოგიურ კლინიკაში პაციენტის დატოვებისთვის წინასწარ 3 ათასი ლარი მოითხოვეს.