გიორგი სუხიტაშვილის ახალი სიმღერა მეგობრობაზეა. მისი პრემიერა 23 ნოემბერს არის დაგეგმილი „იუთუბ-არხის“ მეშვეობით. სიმღერა, სახელწოდებით „გული გულს“, რომელიც ანუკი ცქვიტინიძემ და ანუკა კავლელიშვილმა დაწერეს, გიორგისთვის სპეციალურად შეიქმნა. ამ იდეის ავტორი კი მისი მეგობარი, ნინო დიასამიძე გახლავთ, რომელმაც პროექტს საფუძველი ჩაუყარა. გიორგიმ დაბადების დღეზე, რომელიც ნოემბერში იყო, არაჩვეულებრივი მუსიკალური საჩუქარი მიიღო, ხოლო მისი საზოგადოებისთვის გაზიარება გიორგობა დღეს გადაწყვიტა.

სიმღერაზე მომუშავე შემოქმედებით ჯგუფს fortuna.ge Art Gallery Akhundov House-ის მყუდრო გარემოში შეხვდა…

ანუკი ცქვიტინიძე:

ერთ სასიამოვნო საღამოს, სადაც მე და არაჩვეულებრივი, გამორჩეული გოგონები, ნინო დიასამიძე და ანი კავლელიშვილი ერთად ვისხედით, ნინომ დამისვა კითხვა, რა სჭირდებოდა მეგობრისთვის კარგი ახალი ქართული სიმღერის შექმნას. მე ვუპასუხე, რომ ამისთვის აუცილებელი იყო მელოდიისა და ტექსტის დაწერა, რომელსაც მე და ანო შევძლებდით. ყველაფერს ხომ თავისი ენერგია მოჰყვება? ნინოს ნათქვამმა, შეიძლება ითქვას, მუზა უცებ მოიყვანა. იქვე გაირკვა, რომ ეს მეგობარი გიორგი სუხიტაშვილი იყო. ძალიან მალე დავიწყე მუშაობა და დავწერე მელოდია. ანუკა ამ დროს გერმანიაში გახლდათ. ჩემი მელოდია მას გავუგზავნე. ანუკას იქვე მოუვიდა მუზა და გერმანიიდან უკვე ტექსტით დამშვენებული სიმღერა გამომიგზავნა… ასე რომ, ნინო გახდა ამ იდეის ავტორი და ამბის შთაგონება. ისე გადმომცა ეს იდეა, რომ უცებ მომინდა მელოდიის დაწერა.

ანი კავლელიშვილი:

როგორც წესი, როდესაც ანუკას ვთხოვთ ხოლმე ახალი სიმღერის დაწერას, დიდ პერიოდს ანდომებს. მერე ვადგავართ თავზე, ძალით ვსვამთ ფორტეპიანოსთან, ვკარნახობთ ტექსტს, მომღერალიც იქვეა, რომ არ გადავდოთ… ეს პროექტი კი მართლაც ერთი ამოსუნთქვით შეიქმნა. მე და გელა დონაძე ანის მუზის მომყვანები ვართ (იცინის). საკმარისია, ხელში ჩაგვივარდეს, იმ წუთასვე არავისი გვერიდება, ვსვამთ პიანინოსთან და ვაწერინებთ ახალ სიმღერას.

ჩემი და ანუკას კოლაბორაცია გიორგის სიმღერით არ დაწყებულა, თუმცა სხვა ნამუშევრები საზოგადოებას ჯერ არ მოუსმენია. გიორგის ნამუშევარი იქნება პირველი, რასაც ფართო საზოგადოება მოისმენს. პირველად მოხდა ისე, რომ ჯერ მელოდია გადმომიგზავნეს და შემდეგ დავწერე ტექსტი. თავდაპირველადვე გვქონდა მიზანი, რომ ეს სიმღერა მეგობრობაზე უნდა ყოფილიყო, ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კავშირზე, რაც ამქვეყნად არსებობს. არ გვინდოდა, ტექსტი ბანალური გამოსულიყო. ისეთი ტექსტია, რომ მოინდომო, შეგიძლია სასიყვარულო ურთიერთობაც წარმოიდგინო. ძირითადი სიტყვებია, „შენ თუ არ იქნები…“ ჩვენ აქ მეგობრებს ვგულისხმობთ, მაგრამ მსმენელს ვინც უნდა, ის შეუძლია წარმოიდგინოს. ჩემი მუზა იყო ნინოსა და გიორგის მეგობრობა, რომელმაც ჯერ ამ პროექტის სურვილი გააჩინა, შემდეგ კი – თავად სიმღერას მისცა დასრულებული სახე.

გიორგი სუხიტაშვილი:

ნინო დიასამიძე მოვიდა ჩემთან და ძალიან საგულისხმო ფრაზით დაიწყო საუბარი. როცა ვინმე ამ ფრაზას მეუბნება, ვიცი, რომ ძალიან კარგად მიცნობს – „ახლა რაღაცას გეტყვი და არ ახტე“. მითხრა, რომ იდეა ჰქონდა, მეგობრობაზე სიმღერა დაწერილიყო, რომელსაც მე შევასრულებდი. თავიდან ვუთხარი, არ ვიცი-მეთქი. რთულია, როცა სიმღერას გთავაზობენ, რადგან თუკი არ მოგეწონება, შეიძლება, ამან ურთიერთობაში უხერხულობა შექმნას. პირველი, სანამ ახტომას დავაპირებდი, ეს გავიფიქრე, რომ არ მომეწონოს, როგორ შეიძლება აქედან გამოვძვრე-მეთქი. ეს პერფექციონისტის ხასიათია. ნინოს ვუთხარი, ჯერ მოვისმინოთ-მეთქი. მალევე გამომიგზავნეს სიმღერა. ამ დროს ბაკურიანში ვიყავი. ხალხი იყო გარშემო და ჩემთვის რაღაცას ვმღეროდი ტექსტის გარეშე (იცინის). სამუშაო პროცესის განმავლობაში რაღაცები შევცვალეთ, დიდი თავისუფლება გვქონდა და ერთმანეთთან კარგად ვიმუშავეთ. სანამ დავამთავრებდი საუბარს, ეს მარცვალი აქ ხომ არ შეგვეცვალა-მეთქი, უკვე მეორე ვერსია ჰქონდათ მზად (იცინის). და რაც მთავარია, ასეთი საჩუქარი, კომპლექსურად სავსე, არასდროს მიმიღია. გულწრფელად ვამბობ, – უცებ გაიღვიძე, დაიწყე და დაამთავრე სიმღერაზე მუშაობა. ძირითადად, ხან ტექსტს გჩუქნიან, ხან მელოდიას. უამრავი ასეთი სიმღერაა, მაგრამ მოგეხსენებათ მომღერლების დუხჭირი ცხოვრება და რომელი უნდა აარჩიო, არ იცი, საბოლოოდ, არც ერთს აღარ აკეთებ… პირველია ჩემს ცხოვრებაში ასეთი საჩუქარი და მივხვდი, რა კარგია, როცა გიწევს ფიქრი მხოლოდ შენს საქმეზე, მღერაზე. ამ დროს ხვდები, რამდენად უფრო მაღალია შენი მარგი ქმედების კოეფიციენტი, როცა მხოლოდ იმაზე ფიქრობ, მიკროფონთან მიხვიდე კარგ ხასიათზე, კარგ ფორმაში, კარგ დროს, კარგ სტუდიაში. არ შემიძლია არ ვახსენო „ბრავო რეკორდსი“, ალეკო ბერძენიშვილი. ბოლო წლებია, მხოლოდ მასთან ვთანამშრომლობ, ჩვენ კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს. გულწრფელად ვფიქრობ, რომ ეს გუნდი, რომელიც შეიკრა, ბევრი რამის გაკეთებას შეძლებს.

ნინო, მეგობრობის გარდა, რა იყო ამ იდეის მამოძრავებელი?

ნინო დიასამიძე:

ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალა სულ იყო, არის და იქნება ნიჭიერი ადამიანები. როცა მათ გარემოცვაში გიწევს ცხოვრება, სულ გებადება ახალი იდეები. ამ იდეისადმი თავიდანვე პოზიტიური განწყობა მქონდა. ზუსტად ვიცოდი, რა უნდა გაკეთებულიყო, როგორი უნდა ყოფილიყო… მინდოდა, ამ პროცესით მეგობრებთან ერთად სიამოვნება მიმეღო. ორმაგი მოტივაცია და სტიმულია ნიჭიერ ადამიანებთან ურთიერთობა და იმის სურვილი, რომ მათი ნიჭი უფრო ბევრმა ადამიანმა დაინახოს და შეიყვაროს.

ამ სიმღერისადმი სუბიექტური დამოკიდებულება მაქვს. ვიცი, რომ ჩემი მოწონება არ არის საკმარისი, ამიტომ ველოდები მსმენელის გამოხმაურებებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მე მუდმივად ვთანამშრომლობ „ბრავო რეკორდსთან“, მათთან ერთად ძალიან ბევრი პროექტი მაქვს გაკეთებული და ეს არის სივრცე, სადაც ძალიან ხარისხიანი ქართული მუსიკალური პროდუქტი იქმნება. განსაკუთრებული მადლობა ალეკო ბერძენიშვილს. იქ მუშაობის პროცესი ძალიან კარგად მახსენდება. მეგობრებთან მუშაობა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, მაგრამ ამას თან სდევს უამრავი კარგი მოგონება და თავგადასავალი, რომელიც ჩვენ მიერ გადაღებულ ვიდეოშიც აისახა.

ანი კავლელიშვილი:

რეალურად ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს იყო დიდი საჩუქარი გიორგისთვის, მაგრამ უფრო ფართოდ რომ შევხედოთ  ამ ამბავს, ეს მხოლოდ გიორგის საჩუქარი არ არის. ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა კომპოზიტორებისთვის, რომელთაც შესაძლოა, ბევრი კარგი სიმღერა აქვთ თაროზე შემოდებული და ვერ წერენ მათ სტუდიებში. ჩემთვის, როგორც ლექსის ავტორისთვის, მნიშვნელოვანი იყო, რომ სიმღერას მზის სინათლე ეხილა. დარწმუნებული ვარ, ეს სურვილი ჰქონდა ანუკი ცქვიტინიძესაც. მას მელოდიების უდიდესი არქივი აქვს, რომელიც შემსრულებლებს ელოდება. ასე რომ, ნინო დიასამიძემ სამი ადამიანისთვის შეძლო ამ საჩუქირს გაკეთება. გიორგისთვის ეს უმნიშვნელოვანესი სიმღერაა, მაგრამ არანაკლებია ჩვენთვისაც…

გიორგი სუხიტაშვილი:

პრემიერა ჩემს დაბადების დღეზე გვინდოდა, მაგრამ ვერ მოესწრო. ძალიან მიყვარს ნოემბერი. სიმბოლურია, რომ ჩემთვის ამ თვეში მეორე მნიშვნელოვან დღეს, გიორგობას, ჩემი ახალი სიმღერის პრემიერა შედგება.

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ლოკაცია: „ახუნდოვ ჰაუსი“

ფოტო: ანდრო ოსადჩევი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი თემები