LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგაშვილის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, NGO-ებმა ამომრჩევლის მოსყიდვისა და უკანონო მობილიზების სქემა გამოაქვეყნეს

181
სოსო გოგაშვილი

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და “სამართლიანი არჩევნები” აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა სოსო გოგაშვილმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს, არჩევნებზე ამომრჩეველთა მობილიზების სქემაზე დოკუმენტები მათ გადასცა.

ანგარიში, რომელიც ამ ორგანიზაციების სახელით დღეს, 21 ივლისს გასაჯაროვდა, გოგაშვილის მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაციის, საჯარო წყაროებით გადამოწმებას ეყრდნობა.

“კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა, რომლითაც მაღალი ალბათობით დასტურდება სახელმწიფო უწყებების (მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების) საარჩევნო/პარტიული მიზნებით გამოყენება…

უფრო კონკრეტულად, მმართველი პარტიის წარმომადგენლები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების სერვისების გამოყენებით კონკრეტულ პირებს სავარაუდოდ სთავაზობდნენ პირობითი მსჯავრის გაუქმებას, პენიტენციური დაწესებულებიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას, შეჩერებული/ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენას, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე ბრალდების შემსუბუქებას (გადაკვალიფიცირებას), სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესებას, წვევამდელთა სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულების გადავადებას და ა.შ.” – ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევაში აღნიშნულია, რომ პრობაციის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში (განსაკუთრებით მეორე ტურის წინ და შემდეგ თვეებში) საგრძნობლად გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, ვისაც პირობითი მსჯავრი გაუუქმეს და სატრანსპორტო საშუალების მართვის ჩამორთმეული უფლება აღუდგინეს.

მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ორი არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ სავარაუდოდ, მმართველი პარტია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების შესახებ პოლიტიკურ დოსიეებს ადგენდა და საკადრო პოლიტიკის გატარებისას აღნიშნულ ინფორმაციას ეყრდნობოდა. ამის მაგალითად კვლევაში მოყვანიალია საჯარო სკოლების დირექტორების შემთხვევა, რომელსაც პოლიტიკური ნიშნით შესაძლო დისკრიმინაციად მიიჩნევენ.

“მმართველი პარტია, მაღალი ალბათობით, არასაჯარო წყაროებიდანაც აგროვებდა ინფორმაციას ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების შესახებ, მათ შორის ინტერესდებოდა იმით, თუ რა სახის ზემოქმედება შეიძლება მოეხდინა მათზე სხვადასხვა სახელმწიფო რესურსის გამოყენებით…

2020 წლის შემოდგომიდან 2021 წლის აგვისტომდე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მინიმუმ 112 საჯარო სკოლის დირექტორი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად აღარ დანიშნა. 112 პირიდან მამხილებლის მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში 95 დირექტორი იყო შეფასებული. საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებს მათგან 29 გათავისუფლებული დირექტორი ჰყავდა უარყოფითად შეფასებული, მმართველ პარტიას – 80 დირექტორი, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს – 89.

ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და მმართველი პარტიის შეფასებებს დირექტორების გასათავისუფლებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რაც დადასტურების შემთხვევაში უკანონო და სრულიად მიუღებელი პრაქტიკაა”, – აღნიშნულია კვლევაში.

სოსო გოგაშვილისგან მიღებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით “საერთაშოროსი გამჭვირვალობა – საქართველო” და “სამართლიანი არჩევნები” აღნიშნავენ, რომ მმართველ პარტიასთან ერთად ამ სისტემის შემსრულებლები, სავარაუდოდ მაშინდელი იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი იყვნენ. ხოჯევანიშვილი ახლა ოპოზიციაში გადასული ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდის წევრია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იოსებ გოგაშვილი 16 ივლისს, საკუთარ სახლში დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

დაკავებიდან რამდენიმე საათში გოგაშვილის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ თქვა, რომ დოკუმენტები, რომელიც არჩევნების გაყალბებაზე უნდა გაესაჯაროებინა, “სანდო ხელში” იყო.

ამავე თემაზე:

“ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა ვიღაცას დაურეკა და უთხრა, „საჩუქარიც ვაჩუქეთო“.. საქმე 3 მუხლით მიმდინარეობს” – რას ჰყვება გოგაშვილის მეუღლე და რას ამბობს მისი შვილი?

სოსო გოგაშვილის მეუღლე: “ძალიან ბევრ სახელს და გვარს დავასახელებ, დამელოდეთ, აუცილებლად თქვენთვისაც მოვიცლი – სოსო გოგაშვილი არის პოლიტპატიმარი”

ადვოკატი: როგორც სოსო გოგაშვილი აცხადებს, დოკუმენტები, რომლის გასაჯაროებასაც გეგმავდა, საზღვარგარეთ, სანდო ხელშია და უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება

„არ შეგრჩებათ მკვლელებო!!.. მამას ფიზიკური დაზიანებები აქვს მიყენებული“ – რა მიმართვას ავრცელებს სოსო გოგაშვილის ქალიშვილი

სოსო გოგაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა – გამოძიება 3 მუხლით დაიწყო

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მამაჩემი იყოს კარგად და ისევ გააგრძელოს ამ ბინძური სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა” – ნინი გოგაშვილი

magti 5g