„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს ეხმიანება, რომელიც საქართველოში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ვიზიტს მოჰყვა.
კობახიძის თქმით, „ევროკომისარ ვარჰეის დადებითმა შეფასებებმა, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ განვლილ გზასთან დაკავშირებით გაკეთდა, ოპოზიციონერები გააღიზიანა, რადგან მათ კატეგორიულად არ სურთ, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“.
კალაძე: ვარჰეის გზავნილები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვართ
„მათი აგიტაციის შინაარსი არავისთვის დამალული არ არის. როდესაც შენ ეუბნები ევროპელ პარტნიორებს, რომ ქვეყანას ჰყავს პრორუსული ხელისუფლება, არ სურს 12 პუნქტის შესრულება და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი აწარმოებენ პირდაპირ აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ გააღიზიანა ისინი ევროკომისარ ვარჰეის დადებითმა შეფასებებმა ჩვენს მიერ განვლილ გზასთან დაკავშირებით. მათ კატეგორიულად არ სურთ, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს პათოსი და დამოკიდებულება თავიდან ბოლომდეა გაშიფრული და საზოგადოება ამას ხედავს“, – აცხადებს კობახიძე.
მისივე თქმით, რეკომენდაციები შესრულდება და არჩეული გზის სისწორე ევროკომისარმაც დაადასტურა.
„მათ აინტერესებთ თითოეული ნაბიჯი, რომელიც იდგმება 12 პუნქტის შესრულების კუთხით და ბუნებრივია, ეს ინტერესი ჩვენ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ შემდეგი გადაწყვეტილება საქართველოსთვის დადებითი იქნება და ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება“, – განაცხადა კობახიძემ.