პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ის, რომ სესხის არ აღებით საქართველომ უარი თქვა მნიშვნელოვან რეფორმაზე, ევროკავშირთან ურთიერთობაზე, არის აბსურდი“.
მისივე განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს სპეკულაციას და სესხის არ აღება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენმა ქვეყანამ დასავლურ კურსს გადაუხვია.
„მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო სრული ხელმისაწვდომობა ვაქცინაციაზე და ჩვენ შევძელით ეკონომიკური პროცესების გახსნა, 7 თვეში აქვს 12%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა დამატებითი ვალის და სესხის აღება არ არის აუცილებელი. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ საქართველო ევროკავშირის მხრიდან დამატებით სესხს ამ ეტაპზე აღარ აიღებს.
ჩვენი ოპონენტების მცდელობა, რომ სესხის აღების საკითხი როგორმე დაუკავშირონ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს ან დაუკავშირონ იმ ძველ ნარატივს, განცხადებებს, რომლებსაც ისინი აკეთებენ წლების განმავლობაში, შეგახსენებთ, ამ განცხადებებს აკეთებენ ადამიანები, რომლებმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს გააკეთეს ყველაფერი ანტიევროპული და ანტიდასავლური, რაც შეიძლებოდა.
დასავლეთი, დასავლური ღირებულებების გაზიარება, რეფორმების ჩატარება, ეს არ ნიშნავს სესხის აღებას, ეს ნიშნავს ამ ღირებულებების რეალურად განხორციელებას ცხოვრებაში, რაც ჩვენი ხელისუფლების პირობებში, დაწყებული ადამიანის უფლებების დაცვიდან, დასრულებული დემოკრატიული არჩევნების ჩატარებით, ყოველთვის იყო დაცული და მომავალშიც ასე იქნება. ის რომ, ამ მომენტში სესხის არ აღებით საქართველომ თითქოს უარი თქვა რაიმე მნიშვნელოვან რეფორმაზე, თითქოს უარი თქვა ევროკავშირთან ურთიერთობაზე, ეს არის აბსურდი და ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება ოპოზიციის მისამართით არ არის საჭირო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.