დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair თბილისის შესახებ კიდევ ერთ სტატიას აქვეყნებს. ამჯერად, ის ტურისტებს ურჩევს, საქართველოს დედაქალაქი 2020 წელს მათ სამოგზაურო ჩამონათვალში დაამატონ.
„უგემრიელესი სამზარეულოთი, მომხიბლავი ისტორიითა და მომაჯადოვებელი ადგილების სიმრავლით, საქართველო ევროპის ერთ – ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულებაა“, – წერს ირლანდიური ავიაკომპანია.
როგორც Ryanair აღნიშნავს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრენისთანავე, პირველი რაც მოგზაურს თვალში ხვდება, მეგობრული ღიმილი და მისალმებაა. „ჩვენი გიდი თბილისში მაღალი და თვალშისაცემი ფიგურა დავითია, რომელიც მზადაა საქართველოს დედაქალაქში მეგზურობა გაგვიწიოს და თბილისის გულისცემა მოგვასმენინოს“, – წერს Ryanair.
Ryanair ქუთაისზე კიდევ ერთ სტატიას აქვეყნებს და 5 აუცილებლად სანახავ ადგილს ასახელებს
ავიაკომპანია მოგზაურებს საქართველოს ამ უძველესი ქალაქის ნახვას აუცილებლად ურჩევს
ავიაკომპანია ყურადღებას თბილისის ხელმისაწვდომობაზეც ამახვილებს და აღნიშნავს, რომ აქ ჩამოსასვლელად ბანკის ვალების აღება არ არის საჭირო, ვინაიდან საკვები თბილისში ძალიან იაფია, გონივრულ ფასებშია სასმელიც და რაც მთავარია, ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის უამრავი სახეობა…
Ryanair ზოგად სტატისტიკასაც მიმოიხილავს და წერს, რომ გასულ წელს საქართველომ 8.7 მილიონზე მეტი ტურისტი მიიღო.
„აქტიური ღამის ცხოვრებით, ძველი ქალაქის განსაცვიფრებელი ხედებით, უძველესი ისტორიული ადგილების სიმრავლითა და სათხილამურო კურორტების სიახლოვით, თბილისი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული ცენტრი”, – იუწყება Ryanair საკუთარ ოფიციალურ ვებგვედზე.
შეგახსენებთ, „რაინეარმა“ საქართველოდან ფრენები მიმდინარე წლის 6 ნოემბრიდან დაიწყო. საწყის ეტაპზე Ryanair თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით მილანში დაფრინავს, ხოლო ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით ასრულებს რეისებს. საბოლოო ჯამში კი „რაინეარი“ ჩვენი ქვეყნიდან 12 ევროპულ ქალაქში ფრენას გეგმავს.