LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: დედაქალაქში მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემაა და ამას პირველი ჩვენ ვამბობთ – წუხანდელმა ნალექმა პრობლემები შექმნა

156
კალაძე დატბორილ თბილისზე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გუშინ ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, თბილისის სხვადასხვა უბნებში არაერთი პრობლემა შექმნა.

როგორც კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, წუხანდელი 3 სთ-ის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობამ 2015 წლის 13 ივნისს, 6 სთ-ის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობას, 2-ჯერ გადააჭარბა.

„ასეთი უხვი ნალექი თბილისს არ ახსოვს. ჩვენ სრულად მობილიზებული გვყავდა ჩვენი შესაბამისი სამსახურები იმიტომ, რომ როდესაც ამინდის ცვლილება ხდება, ყოველთვის გვაქვს მზადყოფნა გამგეობების, შესაბამისი სამსახურების მხრიდან.

ამჯერადაც ჩვენი მხრიდან რეაგირება იყო დროული და სწრაფი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, წუხანდელი 3 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობამ 2-ჯერ გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს, 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობას.

როგორც იცით, წუხანდელმა ნალექმა თბილისის მთელი ტერიტორია მოიცვა და სხვადასხვა უბნებში გარკვეული პრობლემები შექმნა. მე გუშინ ვიმყოფებოდი ერთ კონკრეტულ ადგილზე, სადაც დატბორილი იყო მარჯვენა სანაპირო. უმძიმესი მდგომარეობა იყო.

„არ მახსოვს ასეთი უხვი ნალექი ბოლოს როდის იყო დედაქალაქში” – კახა კალაძე

პრობლემები იყო გლდანის რაიონში, საბურთალოზე, სამგორის რაიონში, დიდუბის რაიონში. ბევრი კონკრეტული ქუჩა და რაიონი იყო, სადაც პრობლემები შეიქმნა. განცხადებები მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, თითქოს სანიაღვრე სისტემები დედაქალაქში არ მუშაობს.

რა თქმა უნდა, მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემა არის და ამას პირველი ჩვენ ვამბობთ. შემთხვევით არ არის ის, რომ სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაწარმოებთ, ყველგან ვცდილობთ, პირველი რაც გავაკეთოთ, ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, საკანალიზაციო ქსელები, წყლის მილები, სანიაღვრე სისტემა, სადრენაჟე სისტემა და ა.შ.“, – განაცხადა კალაძემ.

ვიდეო: „ვიმყოფები მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე…აქ სანიაღვრე სისტემამ ნალექის გატარება ვერ მოახერხა, რადგან შიგნით ძალიან ბევრი ნაგავი იყო ჩატენილი” – კონსტანტინე ზარნაძე მიმართვას ავრცელებს

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მან წარადგინა ვიდეო, თუ რა მდგომარეობა იყო თბილისში წვიმის დროს და როგორ მუშაობდა სანიაღვრე სისტემა.

თბილისის მერის თქმით, სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, რადგან დატბორილი იყო სახლები, სარდაფები, ქუჩები და ასევე, დაზიანებული იყო ელექტროსადენები.

„თბილისის რამდენიმე ფერდზე დაფიქსირდა ქვათაცვენა, მათ შორის ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ პრობლემურ მონაკვეთზე, სადაც მერიას უკვე დაწყებული აქვს შესაბამისი სამუშაოები.

ასევე, მცირე ქვათაცვენა იყო თამარაშვილის ქუჩაზე და მარშალ გელოვანის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე ფერდობებზე. აქ უკვე გაწმენდილია გზა, ღამის განმავლობაში შესაბამისი სამსახურები მუშაობდნენ და გადაადგილება ჩვეულებრივ შესაძლებელია, პრობლემას არ წარმოადგენს“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, მერიის ცხელი ხაზი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა და სამუშაოები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

ცნობისთვის, გუშინ, ძლიერმა წვიმამ თბილისის სხვადასხვა უბნებში პრობლემები შექმნა

გამოყენებულია „პირველი არხის“/„ჩემი ქალაქი მკლავს“ ფოტოები
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g