„მთელი ამ ხნის განმავლობაში თავს მამართლებინებდით, რატომ არ დაიხოცნენ ჩემი შვილები შოვში. ეს პროპაგანდა გქონდათ თქვენ და ეს ყველაფერი, როგორ დაგიბრუნდათ გახსოვთ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, პრემიერ, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან საბიუჯეტო თანხების შესაძლო ხარჯვასთან დაკავშირებით.
კალაძის განცხადებით, პირადად მას და ასევე მის თანაგუნდელებსაც არაერთხელ მოუწიათ განცხადების გაკეთება იმაზე, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისისთვის „ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა“.
აღნიშნულით თბილისის მერი გამოეხმაურა სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის განცხადებას, იმის თაობაზე, რომ მიუნხენში ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისით გამგზავრებისთვის 34 ათასი ევროს ეკვივალენტი ლარში პრემიერის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.
„მთელი ამ დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა მიზანმიმართული დეზინფორმაცია, შეტევა პრემიერ-მინისტრზე, მის ოჯახზე, არასწორი ინფორმაციის გავრცელება, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, აბსოლუტურად ყველაფერი იცით და აბსოლუტურად ყველაფერი იცოდა ოპოზიციამ.
მთელი ამ ხნის განმავლობაში პროპაგანდა გქონდათ იმისა, რომ თითქოს ბიუჯეტის თანხები დაიხარჯა და მცდელობა, საზოგადოება შეცდომაში შეგეყვანათ მიუხედავად იმისა, რომ მეც ბევრჯერ მომიწია განცხადების გაკეთება, ჩემს თანაგუნდელებსაც, რომ აღნიშნულ ფრენასთან დაკავშირებით ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა.
ირაკლი კობახიძე: პრემიერს არაფერი დასამალი არ აქვს – ყველაფერი არის სუფთად, იმ პარტიის ბელადისგან განსხვავებით, რომელიც ამ თემით სპეკულირებს
„ნაცმოძრაობის“ ბელადი მიხეილ სააკაშვილი ბიუჯეტის ხარჯზე იწყობდა საკუთარ კეთილდღეობას. მილიონობით სახსრები აქვს დახარჯული – განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
დღეს, ნახეთ, როგორი სიტუაცია გაქვთ – უკვე მიიღეთ ინფორმაცია და კონკრეტიკა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი იცოდით, დღეს პროპაგანდის უკვე ახალი ფურცელი დაიწყეთ“, – განაცხადა კალაძემ.
დასმულ კითხვაზე, საიდან ჰქონდა პრემიერ-მინისტრის პენსიონერ მამას იმ ოდენობის თანხა, რომ მისი შვილის ჩარტერული რეისი დაეფინანსებინა, თბილისის მერმა უპასუხა:
„შეიძლება ჩემი მხრიდან დეტალებში შესვლა უხერხული იყოს. თანამდებობის პირებს გვაქვს ვალდებულება ყოველი წლის ბოლოს წარმოვადგინოთ ჩვენი დეკლარაცია და დაელოდეთ დეკლარაციას, ყველაფერი გაწერილი და მითითებული იქნება.
რა პარალელი მინდა გავავლო? ნახეთ, როგორ ხდება მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართ. სულ რამდენიმე კვირის წინ, აღნიშნული პროპაგანდის მსხვერპლი მე და ჩემი ოჯახიც ვიყავით.
მთელი ამ ხნის განმავლობაში თავს მამართლებინებდით, რატომ არ დაიხოცნენ ჩემი შვილები შოვში. ეს პროპაგანდა გქონდათ თქვენ და ეს ყველაფერი, როგორ დაგიბრუნდათ გახსოვთ.
როგორ დალაგდით ყველა, ჟურნალისტებიდან დაწყებული პოლიტიკოსებით დამთავრებული – როგორ და ვის მოუვიდა აზრად კახა კალაძემ ვერტმფრენი გამოიყენა და სხვები მიატოვაო.
იმიტომ, რომ თქვენ თვითონ ჩავარდით მძიმე მდგომარეობაში იმიტომ, რომ ნახეთ, როგორი იყო ხალხის აგრესია თქვენ მიმართ, სიბინძურეები, რომელიც თქვენ იკადრეთ და გააკეთეთ.
არ იფიქროთ, რომ კონკრეტულად რომელიმე თქვენგანზე ვამბობ, ზოგად მიმართულებაზე ვსაუბრობ. ამიტომ, არ შეიძლება ასეთი მიდგომები და დამოკიდებულებები. ალბათ ამას გარკვეული დრო და წლების დასჭირდება, რომ შეიცვალოს“. – განაცხადა კახა კალაძემ.