„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, შაბათს დაანონსებულ აქციას, რომელიც სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა და დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა დააანონსა, მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
როგორც ენმ-ის წევრმა აღნიშნა, თავად მიხეილ სააკაშვილის სურვილია, რომ ის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან დისტანცირებული იყოს.
„მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მე ყველა აქტივობას მივესალმები. ცხადია, ეს არის გზა, სადაც ჩვენ ვაპროტესტებთ მისი ჯანმრთელობის ამგვარ მდგომარეობას და პატიმრობას, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, არცერთ შემთხვევაში არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, რადგან ეს არ მომდინარეობს მიხეილ სააკაშვილის საუკეთესო ინტერესებიდან.
მისი სურვილია, ის პოლიტიკური ინტერესებიდან იყოს დისტანცირებული. მე ლევანთან [ხაბეიშვილთან] არ მქონია [კომუნიკაცია] ლევანმა წუხელ გვიან გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება.
მე დარწმუნებული ვარ, იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც გუშინ ჩვენ ყველამ ერთად გავიგეთ და იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც მე დღეს ვნახე, ამ ემოციების ფონზე გაკეთდა, იმ წუხილის ფონზე გაკეთდა, რაც ყველას გვაქვს და მე არ ვიცი, ლევანი სხვას რას ეყრდნობა, როცა ასეთ აქციას აანონსებს.“ – თქვა ეკა ხერხეულიძემ.