„არაერთი განცხადება გაკეთდა, ხან მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ თურმე უკვე სუნიც აუვიდა, ისეთ მდგომარეობაშია, უამრავი განცხადება მოვისმინე და ახლა თურმე, სასამართლოში უნდა მიიყვანონ, ამას სხვა არაფერი შეიძლება დავარქვათ, თუ არა პოლიტიკური სპეკულაცია“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის თაობაზე განცხადებები კეთდება, თუმცა, როცა საქმე გადაყვანას ეხება, საკითხს სასამართლო წყვეტს, რომელსაც შესაბამისი შუამდგომლობით და სამედიცინო დასკვნით იურისტებმა უნდა მიმართონ, რაც ვოლსკის განცხადებით, არ მომხდარა.
„არსებობს მექანიზმი, სააკაშვილი და ისინი, ვინც განცხადებებს აკეთებენ, იყვნენ ის ადამიანები, ვინც კარნახობდნენ სასამართლოს, რა უნდა გაეკეთებინა. თუკი სასამართლოს ექნება დასაბუთებული დასკვნა როგორც სააკაშვილის, ასევე სხვა პატიმრის შემთხვევაში, რასაკვირველია იმსჯელებს შესაბამის საკითხთან დაკავშირებით.
ნინო კვიტაიშვილი: „ფაქტობრივად, „ვივამედის" ექიმებმა დღეს დაამსხვრიეს ხელისუფლების მხრიდან ხელოვნურად შექმნილი მითი, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე და პარტია მანიპულირებს"
"პარტიაში ჩვენთვის ყველა პოლიტიკურ პროცესზე მეტად ღირებულია ადამიანის სიცოცხლე."
რაც შეეხება მის კარგად თუ ცუდად ყოფნას, კარგად რომ იყოს რასაკვირველია, საავადმყოფოში არ იქნებოდა, არის საავადმყოფოში და თუკი ადმინისტრაცია თვლის, რომ საავადმყოფოდან გადაყვანა და სასამართლოში მიყვანა შეიძლება, პირიქით, ოპოზიცია და სააკაშვილის გუნდი უნდა იყოს პირველი, ვინც ამაზე იყვირებს – „არ გაანძრიოთ, ის მართლაც ცუდად არის და იყოს საავადმყოფოში.“ ასე შებრუნება თემის უტიფრობაც არის და სპეკულაციის სურვილიც.
თუ ადამიანი საავადმყოფოში წევს და აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ეს არავის უარუყვია და იმაზე უნდა ვისაუბროთ, რა დასკვნა აქვს და რა სამედიცინო შეფასებები აქვს მის მდგომარეობას. სულ ახლახან, 6 თვის წინ ნიკა გვარამია ამბობდა, რომ საერთოდ დაკარგული აქვს ცნობიერება და მისი მითითებები არ უნდა მივიღოთ მხედველობაში, რადგან ადამიანი არაადეკვატურია.
მას მერე არაერთი განცხადება გაკეთდა, ხან მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ თურმე უკვე სუნიც აუვიდა, ისეთ მდგომარეობაშია, უამრავი განცხადება მოვისმინე და როგორც კი სასამართლოში გადაყვანის საკითხი დადგა, თითქოს არაფერი არ არსებობს და თურმე, სასამართლოში უნდა მიიყვანონ. შეუსაბამობა იმდენად დიდია და იმდენად უტიფარია, რომ სხვა არაფერი შეიძლება ამას დავარქვათ, თუ არა პოლიტიკური სპეკულაცია.
არსებობს დადგენილი წესი, კეთდება სამედიცინო დასკვნა და ამ დასკვნით იურისტების ჯგუფი შედის სასამართლოს წინაშე შუამდგომლობით, რომ მოხდეს გადაყვანა, რადგან სამედიცინო მომსახურება, რომელიც აქ არის, არ ჰყოფნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასეთი ჯერ არ ყოფილა, სხვა მხრივ, პოლიტიკოსები ოპოზიციიდან იქნება თუ უმრავლესობიდან, შეიძლება განცხადებებს აკეთებენ, მაგრამ ეს არ ემთხვევა იმ პროცედურას, რაც არსებობს ქვეყანაში“– განაცხადა გია ვოლსკიმ.
ამავე თემაზე: