მთავრობის ადმინისტრაციასთან, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება. ადგილზე იმყოფება მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი. მისი თქმით, „სააკაშვილის გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება, რომელიც საქართველოში არ კეთდება, ამიტომ ის ხვალვე უნდა იყოს გაყვანილი“.
ნიკოლოზ სააკაშვილი „ხელისუფლებისგან კეთილ ნებას ელოდება“.
„დღეს მე ვამბობ, რომ ხვალვე უნდა იყოს გაყვანილი. მე თვითონ ექიმი ვარ, ტოქსიკოლოგიაში ოდესღაც ნამუშევარი ვარ და ვიცი, რაც არის ნეფროპათია, რომელსაც იწვევს ტოქსინების შეყვანა. კარგად ვიცი რა ცვლილებები ხდება ღვიძლში. ამიტომ, სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს ანტიდოტური თერაპია და ერთი ოპერაცია, რომელიც აქ არ კეთდება. ეს არის მხრის სახსრის პროთეზირება, კიდურებზე კეთდება, რომლის გარეშე შეიძლება სამუდამოდ ინვალიდად დარჩეს. ეს უკვე დაგვიანებულია, მაგრამ შეიძლება ამ დაგვიანების გამოსწორებაც. ამიტომ, ხელისუფლებისგან კეთილ ნებას ველოდები პირადად. როგორ დგას იცით საკითხი? ლაპარაკი არ არის, მოგწონს თუ არ მოგწონს, კაცი კვდება, მას სიცოცხლეს ვერ წაართმევ, მხოლოდ უფალი ართმევს. შენ რა უფლება გაქვს, რომ წაართვა და გასცე განკარგულება, რომ ეს არის „ფეიკი“? ვინც ამას ლაპარაკობს, თვითონ არიან „ფეიკები“. აბსოლუტურად არავის ვეხები და არც მჩვევია ვიღაცის ლანძღვა-გინება. ჩემი მიზანია, დროულად მოვახერხოთ ეს სასამართლოს მეშვეობით და არა ძალისმიერი მეთოდებით“.
საბოლოო მოთხოვნა იქნება, ნუ წავართმევთ სიცოცხლეს მიშას, მე არ ვლაპარაკობ პრეზიდენტზე და პატიმარზე, მოქალაქეზე ვლაპარაკობ. მოქალაქეს ნუ წავართმევთ სიცოცხლის უფლებას. ეს უნდა დაიმახსოვროს აბსოლუტურად ყველამ, ამის დრო კიდევ არის“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ნიკოლოზ სააკაშვილი მისი შვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს.
„არ ვსაუბრობ სხვადასხვა სისტემაზე- სასჯელაღსრულების სისტემა, იუსტიციის სამინისტრო, ყველა მონაწილეა, კლინიკებიც, მაგრამ არავისზე ხელის დადება არ მჩვევია, რომ მივუთითო ვისგან მოდის. ეს არის კომპლექსური ამბავი და ვფიქრობ, რომ ალბათ, რუსეთიდან იმართება“,-განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა.
აქციაზე იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილიც. მისი განცხადებით, „არ შეიძლება პრეზიდენტების სასაკლაოდ გადავაქციოთ ჩვენი ქვეყანა“. როგორც ის აცხადებს, „პუტინთან მეომარ მთავარსარდალს კლავენ წამებით და ამაზე ევროპული რეზოლუციები საუბრობს “.
„პუტინთან მეომარ მთავარსარდალს კლავენ წამებით და ამაზე საუბრობს ევროპული რეზოლუციები. მნიშვნელოვანია სწრაფად მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და მკურნალობა მესამე ქვეყანაში. აქ ვერ და არ უზრუნველყოფს საქართველოს ხელისუფლება პრეზიდენტ სააკაშვილის მკურნალობას და ამაზე მეტყველებს ის დასკვნები, რომელიც გზადაგზა წამოგვეწევა ხოლმე საზოგადოებაში. პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა არის უმნიშვნელოვანესი, ეს არ არის პარტიული საკითხი, ეს არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი. არ შეიძლება პრეზიდენტების სასაკლაოდ გადავაქციოთ ჩვენი ქვეყანა, ამიტომ უნდა მოხდეს პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.