LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი დაინფიცირდა

166
dji-0615

საქართველოში კორონავირუსით დაავადებულ ახალ შემთხვევათა შორის ერთი სასულიერო პირია. ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში, შოთა რეხვიაშვილი ადასტურებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლნისის სიონის მოძღვარს კორონავირუსი ტესტირებით დაუდასტურდა. რეხვიაშვილი განმარტავს, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ფარგლებში არსებული ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება.

“ჩვენ გუშინ კაზრეთისა და სოფელ ბალიჭის მოსახლეობა გავმიჯნეთ ბოლნისიდან, რამდენადაც ჩვენ ვხედავდით რისკებს. იქ არის დიდი გამოწვევა და დღეს ამ შედეგიდან გამომდინარე, ვიღებთ ზომებს და უკვე დაწყებულია პროცესი, ჩაიკეტოს მუნიციპალიტეტის ცენტრი, ბოლნისი და რაჭისუბანი. დაინფიცირებულებიდან 5 მედიკოსია, დანარჩენი – ოჯახის წევრები. არის კიდევ ორი ფაქტი და მათ შორის ერთი სასულიერო პირთან დადასტურებული შემთხვევაა. საკარანტინო რეჟიმი დიდი ხანია დაწყებულია. იქ, სადაც მოღვაწეობს სასულიერო პირი, მრევლი არ დადის და წირვა-ლოცვა მრევლის გარეშე მიმდინარეობს, თუმცა ესეც გასათვალისწინებელია და ვაფრთხილებ მოსახლეობას კიდევ ერთხელ – დარჩნენ შინ“, – აცხადებს რეხვიაშვილი.

ბოლნისის შემთხვევებიდან უმრავლესობა სასწრაფო დახმარების ბრიგადების კლასტერია

შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს კორონავირუსი დაუდასტურდა თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელს. იმავე დღეს გაირკვა, რომ ინფიცირებულია სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი, რომელიც საპატრიარქოს ერთ-ერთ შესასვლელს აკონტროლებდა. კორონავირუსი დაუდასტურდა თბილისში, ზღვის უბანში მდებარე ერთ-ერთი ტაძრის სტიქაროსანსაც. კორონავირუსი აქვს წყნეთის ტაძრის მრევლის ერთ-ერთ წევრს, რომელიც საპატრიარქოს საავადმყოფოს თანამშრომელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები