LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ბოჭორიშვილი: „ევროპის სახალხო პარტიას“ განცხადების ტექსტი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესთავაზა, იქ არ წერია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს, ეს ქვეყნისთვის ვერ გაიმეტეს

95
მაკა ბოჭორიშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ არის „ევროპის სახალხო პარტიასთან“ აფილირებული პარტია და საიდუმლო არ არის , თუ ვისი დაწერილია ტექსტი და ვისი შეთავაზებულია“, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა  განუცხადა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ტექსტი შეთავაზებულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ და ეს ყველაფერი ამ ისტორიულ მომენტში ძალიან სამწუხაროა.

„მათი წუხილები და მათი დღის წესრიგი ყველამ ვიცით, მაგრამ მაშინ, როცა ამტკიცებენ, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია მათი პრიორიტეტიც არის, ამ განცხადებას ძალიან მნიშვნელოვანი რამ აკლია – შეეძლოთ, ამ განცხადებით დაედასტურებინათ, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, რაც არ გააკეთეს, მათ ტექსტში არ არის. ეს ყველაფერი ნათლად ასახავს, რა ინტერესები აქვთ.

ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, სამწუხაროა იმის ხილვა, რომ პარტიას, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, ევროპის ყველაზე დიდ პოლიტიკურ ოჯახში თავისი სიტყვა თქვას და ჩვენი ქვეყნისთვის მხარდაჭერა წამოიღოს, რაც „ევროპის სახალხო პარტიისგან“ გვჭირდება, სამწუხაროა, რომ მათ ეს ქვეყნისთვის ვერ გაიმეტეს. ვერ გაიმეტეს, რადგან ეს გულწრფელად არ სურთ და მხოლოდ ლიტონი სიტყვებია ის, რომ მათ სურთ, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.

ეს უკვე შემდგარი ფაქტია, ამას არ სჭირდება სპეკულირება – ტექსტი ვნახეთ, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ევროპის ყველაზე დიდ პოლიტიკურ ოჯახს შესთავაზა და იქ არ წერია, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს. კარგი იქნებოდა, რომ განცხადებაში ძლიერი გზავნილი ყოფილიყო, ვერ გეტყვით, ამ განცხადებას რამდენად ექნება გავლენა იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირის ლიდერები სხვადასხვა პოლიტიკური ოჯახებიდან არიან და ბევრად უფრო ფართო პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებენ, როცა გადაწყვეტილებებს საკუთარი ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე იღებენ.

ნაკლებად ველოდები, რომ ამ განცხადებას რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს საქართველოს ევროპული მომავლისთვის. რა თქმა უნდა, ეს არის დამაზიანებელი და ცუდი ფონის შემქმნელი, თუმცა ასეთი წლების განმავლობაში არაერთი გვინახავს. ძალიან ბევრი იყო 2013-2016 წლებში მაშინ, როცა ძალიან აქტუალური იყო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საკითხები. სამწუხაროდ, ასეთი სახის აქტივობები „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ხშირად იყო, ახლაც იგივე ხდება და გრძელდება.“– განუცხადა პირველ არხს ბოჭორიშვილმა.

„ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებით, საქართველოს შესახებ განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო წლებში „ევროპის სახალხო პარტია“ დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის ტენდენციას.

magti 5g