LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მაქვს გარკვეული ინფორმაცია… დასავლეთისთვის ის მიუღებელი ფიგურაა” – რა უთხრეს გიორგი ვაშაძეს პარტნიორებმა

375
67152793-447942069394845-1506054102231023616-n

კითხვები და ეჭვები ოპოზიციის ერთიანობაზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც “ძალა ერთობაშიას” წევრმა პოლიტიკურმა პარტიებმა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შეხვედრა გამართეს და თქვეს, რომ პრემიერობის კანდიდატის პოზიციაზე გიორგი ვაშაძე არც განიხილებოდა და არც მომავალში განიხილება. არადა, ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გაავრცელა ამავე გაერთიანების ზოგიერთმა წევრმა. მაშინვე დაიწყო კითხვები – ვინ ეწინააღმდეგება ვაშაძის კანდიდატურას, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ოპოზიცია ერთიანი არ არის და ყველა საკუთარ სახელსა და გვარზე ფიქრობს, ხომ არ გააძლიერებს ეს საზოგადეობაში არსებულ ნიჰილიზმს, რა არის ახლა მთავარი – პერსონები თუ ოპოზიციის საერთო სამოქმედო გეგმა, რა მხარდაჭერა აქვს ოპოზიციას დასავლეთისგან და როგორ მოახერხებენ ოპონენტები მილიარდერი ივანიშვილის გუნდის დამარცხებას? – ამ კითხვებს “დღის თემაში” პასუხები “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გასცა.

როდესაც გაიგეთ, რომ გაჩნდა გარკვეული ეჭვები და კითხვები ოპოზიციის ერთიანობაზე, რა იფიქრეთ, რამდენად სწორი იყო მოქალაქეების ასეთი რეაქცია?

– როდესაც სხვადასხვა ოპოზიციური ლიდერები განსხვავებულ განცხადებებს აკეთებენ, ბუნებრივია, ჩნდება ეს კითხვები და ეჭვები. ქვეყანაში არის გაჭირვება, ამის მოგვარების ერთადერთი გზა ოპოზიცის ერთიანობაა. მქონდა შეხვედრები ბევრ ლიდერთან. მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც ბევრი რესურსი ჩავდე, რომ ეს ერთიანობა გვეჩვენებინა. ამიტომ, მერწმუნეთ, ყველაფერი კარგად იქნება. ამდენი ოპოზიციური პარტიაა, ამდენი ადამიანია, იქნება აზრთა სხვადასხვაობა. შემიძლია ვთქვა, რომ თბილისთან დაკავშირებით მაჟორიტარულ ოლქებზე იქნება შეთანხმება, ვიღაც ცალკე მიიღებს მონაწილეობას, ვიღაც – არა, მაგრამ ძირითადი მოთამაშეები შევთანხმდებით.

თქვენ ესაუბრეთ პარტიების ლიდერებს? უთხარით, რომ მოდი, რადიკალური განცხადებები არ გააკეთოთ-თქო?..

– ვესაუბრე, რომ არ შეიტანონ დისონანსი ამ პროცესებში.

და ვინ შეიტანა დისონანსი?

– ვგულისხმობ, რომ არ უნდა იყოს რადიკალური განცხადებები: მე რა მინდა და იმას რა უნდა – ეს არაა მთავარი, მთავარია, რა არის საჭირო ქვეყნისთვის.

ხომ არ ფიქრობთ, რომ პირადად თქვენი კანდიდატურა არ მოსწონთ კონკრეტულ პარტიებს, მაგ. “ნაციონალურ მოძრაობას”?

– უნდა გავმიჯნოთ ორი საკითხი, მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატურები და პრემიერობის ან მინისტრობის კანდიდატები. ჩვენ ამ ეტაპზე აღარ ვიხილავთ პრემიერობის კანდიდატს. ამის დრო მოვა, ჯერ ადრეა.

–  შიდა პრაიმერი ჩატარდება?

– მე კვლევა პრაიმერს ვეძახი, ანუ საზოგადოებრივი აზრის კვლევა უფრო მნიშვნელოვანია. ეს შემდგომი ეტაპია. ადრე მოხდა ამ საკითხის წინ წამოწევა.

როდის იქნება ეს შემდგომი ეტაპი?

–  პირველი მაჟორიტარული ოლქების საკითხია, მერე – საარჩევნო კამპანიის წამოწყება, ივლისის დასაწყისში უნდა დაიწყოს ამ საკითხზე საუბარი.

მაჟორიტარებზე როცა საუბრობთ, მახსენდება, რომ მაგ. “ლელო საქართველოსთვის” ცალკე წარადგენს კანდიდატებს. ხომ არ გქონიათ ამაზე მათთან კომუნიკაცია?

– “ლელო” თავიდან იმასაც ამბობდა, რომ მაგალითად აქციებშიც არ მიიღებდა მონაწილეობას, მერე მოვიდნენ და დადგნენ ჩვენთან ერთად. ამიტომ მომავალში რა მოხდება არ ვიცი, არაფერს გამოვრიცხავ. თუ არ მიიღებენ საერთო მაჟორიტარების კუთხით მონაწილეობას, მათთვის არის პრობლემა, ჩვენ ამით არაფერი დაგვაკლდება.

სხვა პოლიტიკურ თამაშს ხომ არ თამაშობს ეს პარტია?

– არა, უბრალოდ ახალგაზრდა პოლიტიკური ჯგუფია, თავის დამკვიდრებას ცდილობს.

მაგრამ პარტიაში არ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც გუშინ გამოჩნდნენ პოლიტიკურ ასპარეზზე, თუნდაც დავით უსუფაშვილი ავიღოთ…

– მე არ ვარ პოლიტიკური ექსპერტი, რომ ანალიზი გავაკეთო. მე ამ პარტიას განვიხილავ როგორც კოალიციის შემადგენელ ნაწილს, როცა ოპოზიცია მოიგებს არჩევნებს. დანარჩენი თავად გადაწყვიტონ.

თბილისზე თქვით, რომ ფაქტობრივად შეთანხმებულები ხართ, რეგიონებში რა გიშლით ხელს?

– საარჩევნო სპეფიციკა ასეთია, გარკვეულ რეგიონში შეიძლება სჯობდეს რამდენიმე კანდიდატი იყოს, რომ თბილისმა ეს გამარჯვება წამოიღოს და მეორე ტურში მოსყიდვის და დაშინების მიუხედავად “გადავტეხოთ” “ოცნება”. არჩევნები ვიცი ძალიან კარგად, ყველაზე რთული საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი ვიყავი, კარგად ვიცნობ ყველა რაიონსა და რეგიონს.

თქვით, რომ ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, მაგრამ თქვენ თავად თუ მოიაზრებთ საკუთარ თავს პრემიერობის კანდიდატად?

– ამის დრო მოვა, არაფერს გამოვრიცხავ. ახლა არ მინდა დისკუსია ამ კუთხით წავიდეს, ახლა მთავარია მაჟორიტარებზე შევთანხმდეთ.

მაჟორიტარებზე საბოლოოდ როდის შეთანხმდებით?

– დაახლოებით 10 დღეში უნდა ჩამოვყალიბდეთ.

ისევ წამოიჭრა გახარიას შეცვლის საკითხი. წინასაარჩევნოდ ეს რა პოლიტიკური სვლა იქნება “ქართული ოცნების” მხრიდან?

– მე ვფიქრობ, ვინ იქნება პრემიერი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაინც ყველა ივანიშვილის დაქირავებულია. როცა ამოიწურება კონტრაქტის ვადა, ეუბნებიან და მიდიან.

 ანუ გახარიას კონტრაქტის ვადაც ამოიწურა?

–  ალბათ. არ ვიცი. ისაა ყველაზე დიდი პრობლემა, რომ ასე მიდიან პრემიერები და ქრებიან. ეს არის ცუდი. ანუ სახელმწიფო ინსტიტუციები კი არა, ერთი ადამიანის ინტერესი არსებობს.

ხალხის თვალში რაიმეს ხომ არ შეცვლის ეს ნაბიჯი “ოცნების” სასარგებლოდ, რომ აი, 20 ივნისის შემდეგ დისკრედიტირებულ გახარიას ვუშვებ?.. 

– შეიძლება. ალბათ, ეშინიათ, რომ კორონავირუსის პერიოდი ვერ უშველის გახარიას. როცა გაიხსენებენ 20 ივნისს, მიხვდებიან ადამიანები, რომ მისი პრემიერად დანიშვნა საზოგადოების დიდი შეურაცხყოფა იყო. არ გამოვრიცხავ ერთ საკითხს – ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის გახარიას ფიგურა მიუღებელია.

მხოლოდ გახარიასი?

– ვფიქრობ, არა მხოლოდ გახარიასი. ასეთივეა თავდაცვის მინისტრი, ყოფილი პრემიერი-მინისტრი, რომელიც ახლა დანიშნეს თავდაცვის მინისტრად.

– ამისთვის რას გააკეთებს დასავლეთი: მწვავე წერილები გვახსოვს, პირად საუბრებშიც თუ მიდის ამაზე საუბარი, რა ინფორმაცია გაქვთ?

– პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ უკვე აკეთებს. გარკვეული ინფორმაცია მაქვს, უბრალოდ არ მაქვს ბევრ რამეზე საუბრის უფლება, თორემ კარგად ვიცი ყველაფერი.

– პირდაპირ ეუბნებიან, რომ უნდა წავიდნენ შემოდგომაზე?

– ასე ვერ ეტყვიან, მაგრამ ბევრი კითხვის ნიშანია “გაზპრომზე”. ვერავინ გაარკვია, რატომ არის ეს მოლაპარაკებები. ასევე ირანის თემა, “ფრონტერას” საკითხი და ა.შ. ბევრი კითხვაა და ბევრი საუბარი მიდის ამაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g