ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს, ნიკოლოზ ლაჩაშვილს გუშინ, 7 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, თბილისში, 31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილმა ყოფილი ცოლი, 27 წლის მარიტა მაზიაშვილი ავტომობილში თოკით გაგუდა, მეორე დღეს კი, ნაქირავები მანქანით, გლდანის ხევში გადააგდო.
ცნობილი ხდება, რომ ბრალდებული ნიკოლოზ ლაჩაშვილი ყოფილ მეუღლეს, მარიტა მაზიაშვილს შერიგებას სთხოვდა და ემუქრებოდა.
ამის შესახებ „რადიო თავისუფლებასთან“ მოკლული ქალის დამ, მაია მაზიაშვილმა ისაუბრა.
„მარის არ უნდოდა მასთან შერიგება და ამის გამო ემუქრებოდა. მარი რომ დაიკარგა, მატყუებდა, ცოცხალია, რა გატირებსო. მიცნობდა, ისარგებლა იმით, რომ აქ არ ვიყავი და ეს გააკეთა. იცოდა, რისი გამკეთებელიც ვიყავი და იცოდა, რა გავუკეთე, როცა 15 წლის და მომტაცა და გამიუბედურა“.
მაია მაზიაშვილი უარყოფს ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ყოფილ სიძეს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. მისი თქმით, ბრალდებული წამალდამოკიდებულია და ამიტომ გადიოდა მკურნალობას კლინიკაში:
„ტყუილია, ტყუილია. კი იწვა, მაგრამ იწვა იმიტომ, რომ წამალს იკეთებდა. ამიტომ გაშორდა ჩემი დაც, რომ ხელს არ ანძრევდა, არ მუშაობდა, რომ ცოლ-შვილი გამოეკვება და სულ გაშტერებული დადიოდა. ჩემი გაზრდილი იყო ეგეც და ჩემი დაც. ორივე. დაწერეთ, ყველგან დაწერეთ, რომ მკვლელია და უმკაცრესად უნდა დაისაჯოს“.
ვრცლად სტატიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.