დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია იხსნება.
გაიმართება პლენარული სხდომა. დღესვე გაიმართება ბიუროს სხდომაც.
დეპუტატები ბიუროს სხდომის ფორმატში გუშინაც შეიკრიბნენ, სადაც 1-4 სექტემბრის დღის წესრიგი განსაზღვრეს.
განსახილველ საკითხებს არის „შრომის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები, რომლის თანახმად, ახლებურად წესრიგდება შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვასთან, ინდივიდუალურ შრომით ურთიერთობებთან, შრომითი ურთიერთობის წარმოშობასთან და სამუშაოს შესრულებასთან, შვებულებასთან, შრომის ანაზღაურებასთან, სამუშაო ადგილზე ინფორმაციის მიწოდებასა და კონსულტაციის გამართვასთან დაკავშირებული საკითხები.
პარლამენტი ასევე განიხილავს “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში ცვლილებებს, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღებისთვის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის დაწესებას ითვალისწინებს. კერძოდ, კანონის პროექტით განისაზღვრება საგამოცდო მარშრუტი, სადაც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი ჩატარდება. გარდა ამისა, კანონის პროექტით „A1“ ქვეკატეგორიის და „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლებისთვის დადგენილი მინიმალური ასაკი იცვლება და ნაცვლად 17 წლისა, ხდება 18 წელი.
კიდევ ერთი კანონპროექტი “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის” შესახებ კანონში ცვლილებებია. ცვლილებების თანახმად, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება მაშინაც, თუ არის პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული პროფესიული სტუდენტი – შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე. აპლიკანტს ამ უფლებით სარგებლობა მხოლოდ ერთხელ შეეძლება.
პარლამენტი ოთხშაბათის პლენარულ სესიაზე განიხილავს „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებსაც. კანონპროექტის თანახმად, არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი გავლენის მოხდენა ჯარიმით, 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობით ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი უხელმძღვანელებს, რადგან პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაში იმყოფება.
შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაში გადავიდა.