LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მარველის“ 16 ვარსკვლავი, რომელთა ცნობაც მაკიაჟის გამო გაგიჭირდებათ

557
#ფილმები

„მარველის“ კინოსამყაროს მოყვარულებმა კარგად იციან, რომ ყველა გმირი ან ვილანი ადამიანი არ არის. ბუნებრივია, სხვა რასების წარმომადგენლები განსხვავებულად გამოიყურებიან, მათი როლების შემსრულებელ ვარსკვლავებთან კი შესაბამისი გრიმის გასაკეთებლად ვიზაჟისტებს საათობით უწევთ მუშაობა. fortuna.ge წარმოგიდგენთ „მარველის“ 16 ვარსკვლავს, რომლებიც ფილმების ნახვისას შესაძლოა ვერც იცანით.

თანოსი – ჯოშ ბროლინი

„მარველის“ ყველაზე დასამახსოვრებელი ვილანის, თანოსის როლს ჯოშ ბროლინი ასრულებს. იმისათვის, რათა მისი გარეგნობა რაც შეიძლება რეალისტური ყოფილიყო, „მარველმა“ სპეციალური პროგრამა გამოიყენა, რომლის მეშვეობითაც მსახიობის გარეგნობაზე დაყრდნობით გამოგონილი პერსონაჟის სახე იქმნება.

ნებულა – კარენ გილენი

შეშლილი ტიტანის, თანოსის ქალიშვილის როლს შოტლანდიელი მსახიობი, კარენ გილენი ასრულებს, რომელსაც როლის გამო მსხვერპლად ლამაზი, წითური თმის გაღება მოუხდა. ნებულას გრიმი იმდენად რთულია, რომ კარენის გარდასახვისათვის ვიზაჟისტებს 4 საათზე მეტი სჭირდებოდათ. გრიმის მოშორების პროცესი მინიმუმ 30 წუთს გრძელდებოდა.

გამორა – ზოი სალდანა

თანოსის მეორე ქალიშვილის, გამორას როლისათვის ვიზაჟისტებთან მუშაობა ზოი სალდანასაც უწევდა. თუ „ავატარში“ მისი პერსონაჟის ვიზუალი დიდწილად კომპიუტერული ტექნოლოგიების წყალობით შეიქმნა, „გალაქტიკის მცველების“ გადაღებისას ვარსკვლავს ყოველდღიურად 5 საათით უწევდა საგრიმიოროში ჯდომა.

რონანი – ლი პეისი

ლი პეისის ამოცნობა რონანის როლში თითქმის შეუძლებელია. მსახიობს გრიმს რამდენიმე საათის განმავლობაში უკეთებდნენ, თანაც მას იისფერი ლინზების ტარებაც უწევდა.

მარტინექსი – მაიკლ როზენბაუმი

„სმოლვილის“ ვარსკვლავმა „გალაქტიკის მცველების“ მეორე ნაწილში მარტინექსის როლი შეასრულა, თუმცა მისი ვიზუალი მეტწილად კომპიუტერული პროგრამების დამსახურებაა.

იოჰან შმიდტი / „რედ სკული“ – ჰუგო უივინგი და როს მარკანდი

„ჰიდრას“ ლიდერის როლი ფილმში „კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი“ ჰუგო უივინგმა შეასრულა, თუმცა დანარჩენ ფილმებში ეს როლი როს მარკანდმა მოირგო. ორივე მსახიობს გრიმის გასაკეთებლად მინიმუმ 3 საათი სჭირდებოდა.

დრაქსი – დეივ ბაუტისტა

იმისათვის, რათა დრაქსის როლში უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო, ყოველდღიურად რამდენიმესაათიანი პროცედურის გავლა უწევდა დეივ ბაუტისტას. „გალაქტიკის მცველების“ ორივე ნაწილის გადაღებისას მას სხეულის დიდ ნაწილზე სილიკონისაგან დამზადებულ „ნაიარევებს“ აკრავდნენ, რასაც რამდენიმე საათი სჭირდებოდა.

მანტისი – პომ კლემენტიფი

„გალაქტიკის მცველები 2“-ში ფრანგმა მსახიობმა მწერის მსგავსი პერსონაჟის, მანტისის როლი შეასრულა. პომს სხვებთან შედარებით ნაკლებად მოუწია დატვირთვა პერსონაჟის ვიზუალის მისაღებად. მას დისკომფორტს მხოლოდ შავი ლინზები და ანტენის მსგავსი სპეციალური პროთეზი უქმნიდა.

აიეშა – ელიზაბეტ დებიკი

ოქროს ქურუმის, აიეშას როლის უკეთ მოსარგებად საგრიმიოროში საათებს ატარებდა ავსტრალიელი ელიზაბეტ დებიკიც, რომელსაც გრიმთან ერთად ოქროსფერი ლინზების ტარებაც უწევდა.

ტესერფეისი – კრის სალივანი

„გალაქტიკის მცველები 2“-ში კიბორგ ტესერფეისი როლს კრის სალივანი ასრულებს, რომელიც გადაღებებისას კონტაქტურ ლინზებს, კბილების ვერცხლისფერ პროთეზს და იასამნისფერში გადაწყვეტილ გრიმს ატარებდა.

იუნდო უდონტა – მაიკლ რუკერი

პლანეტა კენტავრი 4-ის მცხოვრები იუნდოს სახის მისაღებად მაიკლ რუკერს ლურჯი ფერის გრიმს ყოველდღიურად რამოდენიმე საათის განმავლობაში ადებდნენ. პერსონაჟის გარეგნობის ნაწილი იყო წითელი ფერის კონტაქტური ლინზები და ყალბი კბილებიც.

კორგი – ტაიკა ვაიტიტი

ცოტამ თუ იცის, რომ „თორი: რაგნაროკის“ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟის, გლადიატორ კორგის როლი ახალზელანდიელმა რეჟისორმა, მსახიობმა და სცენარისტმა, ტაიკა ვაიტიტიმ შეასრულა. მისი პერსონაჟის გარეგნობა კომპიუტერული პროგრამებითაა შექმნილი.

ულტრონი – ჯეიმს სპეიდერი

„შურისმაძიებლები: ულტრონის ერა“-ს მთავარი ვილანის როლი ჯეიმს სპეიდერმა შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ მისი პერსონაჟის ვიზუალი კომპიუტერული ეფექტების დახმარებით შეიქმნა, ულტრონის სახე სპეიდერის სახის პარამეტრებზე დაყრდნობით შექმნეს.

ვიჟენი – პოლ ბეტანი

ბეტანი „შურისმაძიებლებში“ ჯერ კიდევ ვიჟენის გამოჩენამდე მონაწილეობდა. იგი კომპიუტერულ პროგრამა „ჯარვისს“ ახმოვანებდა. მსახიობისათვის სპეციალური სილიკონის ჩანართების დამაგრებას და გრიმის გაკეთებას დაახლოებით 3 საათი სჭირდებოდა. ვიჟენის გარეგნობაზე კომპიუტერული პროგრამითაც იმუშავეს.

კორვუს გლეივი – მაიკლ ჯეიმს შოუ

შავი ორდენის წევრი და თანოსის მიმდევარი კორვუს გლეივი „შურისმაძიებლები: თამაშის დასასრულში“ მაიკლ ჯეიმს შოუმ განასახიერა. მისი პერსონაჟის გარეგნობაზე სპეციალური პროგრამების დახმარებით იმუშავეს.

თალოსი – ბენ მენდელსონი

„კაპიტან მარველში“ უცხოპლანეტელთა რასის, სკრულების ჯგუფი მეთაურის როლს ბენ მენდელსონი ასრულებს, რომელიც ალბათ სხვა დანარჩენებზე უფრო გაწვალდა პერსონაჟის ვიზუალის მიღების პროცესში. გადაღებების დროს ბენს სპეციალური კოსტუმის, პროთეზების, ყალბი ყურების და კონტაქტური ლინზების მორგება დასჭირდა იმისათვის, რათა უცხოპლანეტელს დამსგავსებოდა.

ამ სიაში აუცილებლად უნდა მოვიხსენიოთ მსახიობები, რომლებიც კომპიუტერული პროგრამებით შექმნილ პერსონაჟებს ახმოვანებენ. იცოდით თუ არა, რომ „გალაქტიკის მცველების“ პერსონაჟებს, გრუტს და ენოტ „რაკეტას“ ვინ დიზელი და ბრედლი კუპერი ახმოვანებენ?  ცეცხლოვანი დემონი სურტური ფილმიდან „თორი: რაგნაროკი“ კლენსი ბრაუნმა გაახმოვანა, ხოლო მეინფრეიმი „გალაქტიკის მცველები 2“-დან მაილი საირუსის ხმით მეტყველებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები