LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მასალა ადასტურებს მაჩალიკაშვილების ოჯახის წევრის კავშირს ტერორისტულ ჯგუფთან” – პროკურატურის გადაწყვეტილების შეფასებები

136
BeFunky-collage (40)

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი საქართველოს პროკურატურის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით პროკურატურამ მაჩალიკაშვილის საქმის ძიება შეწყვიტა. “ქართული ოცნების” დეპუტატი ამბობს, რომ სუს-ის მიერ პარლამენტისთვის წარმოდგენილი მასალა არის ძალიან მძიმე და ადასტურებს მაჩალიკაშვილების ოჯახის წევრის პირდაპირ კავშირს ტერორისტულ ჯგუფთან. მისი თქმით, სუს-ის მიერ ამ საქმეზე მოწოდებული ინფორმაციის გაცნობისას ოპოზიციის წევრებს შეკითხვები არ დაუსვამთ.

„საკმაოდ ვრცელი და დასაბუთებული მასალა წარმოადგინა სუს-მა პარლამენტში, რასაც გაეცნო როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია. არცერთი შეკითხვა არ დასმულა იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა ეს მასალა რეალური. მასალა არის ძალიან მძიმე და ადასტურებს ამ ოჯახის სულ მცირე ერთი წევრის პირდაპირ კავშირს ტერორისტულ ჯგუფთან. ძალიან განვიცდი ადამიანის სიკვდილს, რა ვითარებაშიც არ უნდა იყოს, მით უმეტეს, საქართველოს მოქალაქისას. ჩვენთვის სიახლეა ტერორისტული აქტი და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ასეთი მასშტაბი, რომელიც გაბრიელ სალოსის ქუჩაზე იმ პერიოდში ტარდებოდა. არანაირი ლოიალობა ტერორიზმის მიმართ არ შეიძლება დაიშვას. რეალურია თუ არა ის ფაქტები, რაც პროკურატურამ დაადგინა, სასამართლოს მიერ შეფასდა, თანასწორ პაექრობაში დაცვისა და ბრალდების მხარეთა შორის”, – აცხადებს გია ვოლსკი.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა – საგანგებო ბრიფინგი პროკურატურაში

პროკურატურის მიერ მაჩალიკაშვილის საქმის წარმოების შეწყვეტას “უტიფარი საქციელი” უწოდა “ევროპული საქართველო” წევრმა გიგა ბოკერიამ და ეჭვობს, რომ მტკიცებულებები გაყალბდა.

უდიდესი ეჭვი არსებობს, რომ მტკიცებულებების გაყალბება მოხდა. რა თქმა უნდა, ეს გვახსენებს იმას, რამდენი რამ გვაქვს შესაცვლელი ამ ქვეყანაში, მას შემდეგ რაც ივანიშვილის ხელისუფლებას ჩამოვაცილებთ, მთელი ამ სტრუქტურის რადიკალური რეფორმაა გასატარებელი, რათა მსგავსი შესაძლებლობა არც ერთ ხელისუფლებას აღარ ჰქონდეს“, – ამბობს გიგა ბოკერია.

ენმ-ს წევრი სალომე სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ პროკურატურის დასკვნამ გარდაცვლილი მაჩალიკაშვილის ოჯახი შეურაცხყო და  მიიჩნევს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე გამოძიების შეწყვეტა ეჭვებს კიდევ უფრო გაამძაფრებს.

“მაჩალიკაშვილის ოჯახის თხოვნით და მხარდაჭერით, ჩვენ წარვადგინეთ ინიციატივა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. ამიტომ, გამოძიების დახურვა, რომელსაც ისედაც არანაირი ნდობა არ ჰქონდა და ის დასკვნა, რაც ჩვენ ვნახეთ, ვფიქრობ, მხოლოდ გაამწვავებს ამ კრიზისს და, დარწმუნებული ვარ, რომ მაჩალიკაშვილის ოჯახი არის ღრმად შეურაცხყოფილი იმ დასკვნით, რაც დადო დღეს პროკურატურამ,”- განაცხადა სამადაშვილმა.

რაც შეეხება მაჩალიკაშვილების ოჯახის პოზიციას, მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ  მისი შვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას ელოდა. მისივე განმარტებით, რეალურად გამოძიება არც არასდროს დაწყებულა და მიმდინარე გამოძიება მხოლოდ ფორმალობა იყო.

“მე ამას ველოდი… ეს ყველაფერი არის აბსურდი” – მალხაზ მაჩალიკაშვილის პირველი კომენტარი

“რაც კეთდებოდა იყო ფორმალობა. მათი სიბინძურე ამოტივტივდება. ქართველებს აჯერებენ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ხელყუმბარით უწევდა წინააღმდეგობას სპეცრაზმელებს. ამით ყველაფერია ნათქვამი. მოკლულია თემირლანი, თავის საწოლში. ხელყუმბარა შემოიტანეს. დღევანდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა ეს დანაშაული და ამ ყველაფერზე ჩვენ  გავცემთ პასუხს”, – ამბობს მაჩალიკაშვილი.

შეგახსენებთ, თბილისის პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება დღეს შეწყვიტა. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ საქართველოს პროკურატურამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები