LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ვარ ვაჟა-ფშაველას პრინციპებზე გაზრდილი და შესაბამისად, ესაა ჩემი კონსტიტუციური კრედო“ – „ოცნების“ ყოფილი წევრი შესაძლოა სააკაშვილის ადვოკატი გახდეს

304
შალვა ხაჭაპურიძე და მიშა

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი შესაძლოა ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე გახდეს, რომელიც მანამდე ყოფილ პრეზიდენტს ჰააგის სასამართლოში „2003 წლიდან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და თავად პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ჩადენილ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების“ გამო უჩიოდა. ამასთან იგი 2011 წლიდან 2019 წლამდე „ქართული ოცნების“ წევრი იყო.

როგორც თავად შალვა ხაჭაპურიძე „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, ინიციატივა სააკაშვილის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, თავად ექსპრეზიდენტისგან წამოვიდა. ადვოკატის თქმით, მათ შორის შეხვედრა უკვე შედგა და ამჟამად, მოლაპარაკება სააკაშვილთან და მის ოჯახის წევრებთან მიმდინარეობს.

„შევხვდი კიდევაც სააკაშვილს, მქონდა მასთან საუბარი და ამჟამად მოლაპარაკების ეტაპზე ვართ, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მან თქვა, რომ თუკი ვინმე მისი მმართველობის დროს, პრობლემებს უქმნიდა, როგორც ადვოკატი, იყო შალვა ხაჭაპურიძე და მან ეს ძალიან კარგად იცის. იცის, ჩემი დღევანდელი საქმიანობა, პროფესიონალიზმი.

ინიციატივა თავად მისგან წამოვიდა, ახლა გარკვეულ საკითხებს ვსწავლობთ და ყველაფრის გათვალისწინებით, საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ. ჩემთვის, სიმართლე გითხრათ, გასაკვირიც კი იყო ეს ინიციატივა, თუმცა მეორე მხრივ, დადებითი ის იყო ამ ამბავში, რომ ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, პროფესიონალიზმი კი რჩება“, – განუცხადა „ფორტუნას“ შალვა ხაჭაპურიძემ.

ადვოკატს კომენტარი მის ყოფილ საქმიანობაზეც ვთხოვეთ, რაზედაც მან ასე გვიპასუხა:

„ქართული ოცნების“ არსებობამდე სააკაშვილის ნომერ პირველი ოპონენტი ვიყავი, რა კომენტარი უნდა გავაკეთო – გადაწყვეტილება არის საკმაოდ რთულად მისაღები, მარტივი ნამდვილად არ არის. ასე რომ ამ გადაწყვეტილების მიღების დროს, საკუთარ მოსაზრებებს დავეყრდნობი და არც არავის ვეკითხები. თუმცა, ერთს გეტყვით: ვხედავ, რომ აქ არ არის დასაცავი პატიმარი, დასაცავია მომაკვდავი ადამიანი. ამ შემთხვევაში გამოვდივარ ერთიდან: მე ვარ ვაჟა-ფშაველას პრინციპებზე გაზრდილი და შესაბამისად, ესაა ჩემი კონსტიტუციური კრედო, გარდა ამისა, რომ ადვოკატი ვარ და ეს ჩემი პროფესიაა“, – გვითხრა ადვოკატმა.

დასმულ კითხვაზე, კონკრეტულად რა საქმეზე დაიცავს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს, ხაჭაპურიძემ გვიპასუხა, რომ აქვს მისი გეგმები და მოსაზრებები, თუმცა ყოფილ პრეზიდენტს მის დანარჩენ ადვოკატებთან ერთად დაიცავს.

„რა თქმა უნდა, მის უფლებებს დანარჩენ ადვოკატებთან ერთად დავიცავ, არაფერი საპრეტენზიო ამ ხალხთან არ მაქვს, ისინი თავისი საქმის პროფესიონალები არიან. თუმცა, თუ მე ამ საქმეში ჩავერთე, მაქვს ჩემი პირობები და საკითხები, კერძოდ, მე მივიჩნევ, რომ უნდა იყოს მოწვეული ჩვენი პარტნიორი, გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ ოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც საერთაშორისო სამართლის ექსპერტია. ვიცი სად უნდა წავიდე, რა ტიპის ბრძოლაში შევდივარ და აქედან გამომდინარე, ისიც ვიცი, როგორ უნდა შევიარაღდეთ, რა ტიპის სამართლებრივი ნორმებით და ა.შ. ამასთან, გარკვეული საკითხებია, რაზედაც სწორედ ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება.“ – გვითხრა შალვა ხაჭაპურიძემ.

 

magti 5g