მეცნიერები კორონავირუსის ვაქცინის შესაქმნელად სუპერკომპიუტერებს იყენებენ. ჩვეულებრივი კომპიუტერებისაგან განსხვავებით, სუპერკომპიუტერებს ძალიან დიდი მოცულობის ინფორმაციის ძალიან სწრაფად დამუშავება შეუძლიათ, რაც მეცნიერებს საშუალებას მისცემს უფრო ადრე შეძლონ ვაქცინის დამზადება, ვიდრე ეს ჩვეულებრივ შესაძლებელია. სუპერკომპიუტერების დახმარებით მიმდინარეობს უკვე არსებული ანტივირუსული პრეპარატების მონაცემების კვლევაც. ვინაიდან ახალი პრეპარატის შექმნა ხანგრძლივი პროცესია, მეცნიერები პირველ რიგში უკვე არსებულ წამლებს სწავლობენ და ცდილობენ დაადგინონ, თუ როგორ იმოქმედებს ისინი კორონავირუსზე.
ამიტომ ამ ეტაპზე სუპერკომპიუტერების ალგორითმების დახმარებით მეცნიერები არაერთი პრეპარატის კორონავირუსზე მოქმედების სიმულაციას ახდენენ. ისინი ცდილობენ იპოვონ წამლებში შემავალი ნაერთები, რომლებაც შეუძლიათ ადამიანის უჯრედის ვირუსის შეჭრისგან დაცვა, ან უჯრედში მოხვედრის შემდეგ ხელს უშლიან ვირუსის რეპლიკაციას და საერთო ჯამში მალევე ანადგურებენ ვირუსს. გარდა ამისა, მკვლევარები ცდილობენ იპოვონ პროტეინები, რომლებიც იწვევენ იმუნიტეტის სტიმულირებას ვირუსის წინააღმდეგ, რაც მათ ვაქცინის შექმნაში დაეხმარება.
ლონდონის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის წევრების თქმით, სუპერკომპიუტერებს რამოდენიმე დღე სჭირდებათ იმ მოცულობის ინფორმაციის დასამუშავებლად, რის დამუშავებასაც ჩვეულებრივი კომპიუტერები რამოდნეიმე თვეს ანდომებენ.
კვლევის ფარგლებში იტესტება არა მხოლოდ არსებული ანტივირუსული მედიკამენტები, არამედ პრეპარატები, რომლებიც სხვა დაავადებების სამკურნალოდაა შექმნილი და უკვე ლიცენზირებულია.

მკვლევართა ჯგუფი თანამშრომლობს ასზე მეტ სხვა მკვლევართან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ,,სუპერკომპიუტერების დამსახურებით ჩვენ ძალიან სწრაფად ვმუშაობთ, ვამოწმებთ უამრავ ნაერთს და ვცდილობთ ვიპოვოთ ნაერთი, რომელიც შეძლებს ახალ კორონავირუსთან ბრძოლას” – აცხადებს მკვლევართა ჯგუფის წევრი, პროფესორი პიტერ კოვინეი.
პროცესში ჩართულია მსოფლიოს უსწრაფესი კომპიუტერი, სახელად Summit, რომელიც აშშ-ში მდებარეობს.


