LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მელია და მისი მიმდევრები აცნობიერებენ, რომ სააკაშვილი და კეზერაშვილი პარტიის განვითარებას ხელს უშლიან“ – რა გამოხმაურებები მოჰყვა ნიკა მელიას გაცხადებას კეზერაშვილზე

176
C823913B-7A9F-41E6-9F99-BC154ED14400

„რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში“, – ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გუშინ, 21 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ გააკეთა.

დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას დღეს პოლიტიკურ სპექტრში მოჰყვა გამოხმაურებები.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ნიკა მელიას აქვს მცდელობები, ხელში აიღოს პარტიის ლიდერობა და თავად გახდეს რეალური გადაწყვეტილებების მიმღები.

„ნიკა მელია და მისი მიმდევრები აცნობიერებენ, რომ სააკაშვილი და კეზერაშვილი პარტიის განვითარებას ხელს უშლიან, რაც არაერთხელ გამოჩნდა.

ეს ჯერ არ გამოსდის ან ძალიან სუსტად აკეთებს, პარტიის შიგნით არის კონფლიქტები და უფრო მეტი დაიშალა, ვიდრე აეწყო.

მელიას ჰყავს თავისი საბჭო, ნაყოფიას თავისი ბორდი, განცხადებებშიც ერთმანეთს სცილდებიან. ხატია დეკანოიძე კიდევ ცალკე ხაზს ატარებს და მასთან მიმართებაში ბევრჯერ წინააღმდეგობრივი განცხადებები ყოფილა.

ჩანს, რომ ამ პარტიაში დიდი არეულობაა, რაც ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა. ბევრად მნიშვნელოვანია, ქვეყანამ თავისი საშინაო პოლიტიკა ეფექტიანად წარმართოს და ხელისუფლებამ ეკონომიკური განვითარება მაქსიმალურად უზრუნველყოს. დანარჩენს 2024 წლის არჩევნები აჩვენებს.

საზოგადოებას კარგი შესაძლებლობა ექნება, ოპოზიციიდან უპასუხისმგებლო პარტიები გაისტუმროს და ისეთ ოპოზიციურ პარტიებს მისცენ ხმა, რომლებიც მოქალაქეების არჩევანს პატივს სცემენ და საზოგადოებას თავს ბოიკოტით არ ამახსოვრებენ.“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გარდა მმართველი პარტიისა, მელიას განცხადებას პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილიც გამოეხმაურა და თქვა, რომ მისთვის დავით კეზერაშვილი მუდმივად იქნება ერთ-ერთი ყველაზე გულის ამრევი პერსონაჟი.

„ეს იყო ადამიანი, რომელმაც გაძარცვა ქართული არმია და ამ ნაძარცვი ფულით დაგრიალებს ევროპაში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისივე თქმით, მან არ იცის, ოპოზიციის გარკვეულ ჯგუფებში რა როლს თამაშობს კეზერაშვილი, მაგრამ მისი განცხადებით, აფინანსებს მედიას და შესაძლოა, გარკვეულ ოპოზიციურ ჯგუფებსაც.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით ნიკა მელიას განცხადება მისთვის სამწუხაროა.

„გულწრფელად ვწუხვარ ამ განცხადების გამო. ვფიქრობ, იმ პირობებში, როცა ბიძინა ივანიშვილი, რუსი ოლიგარქის რეჟიმი არის დასუსტებული და მეტიც, საკუთარი თანაგუნდელები, მინისტრის მოადგილე ამხელს კრემლთან ურთიერთობაში მთავრობის წევრებს, ბიძინა ივანიშვილს, ასეთ დროს ისრების გადატანა, მათ შორის ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მხრიდან, არასწორად მიმაჩნია. ამ ქვეყანაში არის ერთი რუსი ოლიგარქი და ეს არის ბიძინა ივანიშვილი.

როცა კონკრეტულად კეზერაშვილზეა საუბარი, ეს ადამიანი არის ოპოზიციური არხის დამფუძნებელი, რომელი არხიც ასევე იდევნება რუსი ოლიგარქის მიერ ამ ქვეყანაში და პარალელურად, ეს ადამიანიც არის აღიარებული პოლიტიკური დევნილი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში შავით თეთრზე წერია მისი პოლიტიკური დევნის შესახებ, ასევე, ევროპულ რეზოლუციაში, სადაც აგრეთვე შავით თეთრით არის მითითებული, რომ ის არის პოლიტიკური დევნილი“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.