“ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას შარავანდედის მოხვეჭა კანონდარღვევით სურდა, რეალურად კი საპატიმროში აღმოჩნდა და ახლა იძულებულია გირაოს დათანხმდეს.
ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ მელიას დაგეგმილი პროვოკაცია არ გამოუვიდა. ქადაგიშვილის განცხადებით, მისი ყველა განცხადება ემსახურებოდა იმას, რომ თავისუფლებისთვის და უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ გმირად გამოჩენილიყო.
“სინამდვილეში ის ტრანსფორმირდა ადამიანად, რომელმაც დაარღვია კანონი და კანონდარღვევით სურდა შარავანდედის მოხვეჭა, რეალურად კი საპატიმროში აღმოჩნდა და ახლა იძულებულია გირაოს დათანხმდეს, რადგან იცის, რომ ოპოზიციისთვის მისი პატიმრობაში ყოფნა აბსოლუტურად წამგებიანი, უპერსპექტივო, ძალიან დიდი ზიანის მომტანი აღმოჩნდა. ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რასაც ჰქვია უპრინციპობა, სახელმწიფოს და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წასვლა და პოლიტიკური ბრძოლის მარგინალიზაცია,”- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
რაც შეეხება ამნისტიის პროექტს, როგორც ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, მიუხედავად იმისა, მიიღებს, თუ არა მას ნიკა მელია, ამნისტია მაინც შედგება, რადგან ამაზე ვალდებულება აქვთ აღებული. მისივე თქმით, მელიას მოუწევს ან დათანხმდეს ამნისტიას ან გააგრძელოს ბრძოლა სასამართლოში.
“სამწუხაროდ, ნიკა მელია თავიდან რომ აცდა პოლიტიკური მოვლენების განვითარების ლოგიკას, ჯერაც ვერ გამოსულა აქედან, იმედია გამოვა თავისუფლებაზე და უფრო მეტი საშუალება ექნება გაერკვეს იმ ვითარებაში, რაშიც არის პოლიტიკური პროცესი, ეს ამნისტია აუცილებლად შედგება,”- აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ნიკა მელიას ადვოკატები ხვდებიან – რა დოკუმენტი მიუტანეს ენმ-ს ლიდერს ადვოკატებმა