„მიჩნდება შთაბეჭდილება, თქვენ ფიქრობთ, რომ შაპიტოს დირექტორი ხართ და არა პარლამენტის თავმჯდომარე იმიტომ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ცოტა სხვანაირად მოიქცეოდა“, – ასე მიმართა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ბიუროს სხდომაზე.
„რასაც თქვენ დღეს აკეთებთ, არის საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედება, ამიტომ გიწევთ ამ უსაფრთხოების ზომების გატარება. იცით რაშია საქმე? აქ რომ უმრავლესობასა და უმცირესობაზე რომ საუბრობთ, ამ წუთში, როცა ამ სამარცხვინო კანონის განხილვა მიმდინარეობს პარლამენტში უმრავლესობის მხარდაჭერით, თქვენ ხართ უმცირესობაში ამ საზოგადოებაში და ამიტომ გიწევთ ძალადობით ამ კანონის გათრევა პარლამენტში და მე თქვენ ადგილზე დავფიქრდებოდი.
არ ვიცი, აღმოსავლურ ორთაბრძოლებში თუ ერკვევით, არსებობს აიკიდო – რაც უფრო სწრაფად გამოექანება მოწინააღმდეგე, მით უფრო მარტივი ილეთით დაენარცხება ძალიან მწარედ და თქვენ ახლა მაგ მდგომარეობაში ხართ, გამოქანების პროცესში ხართ და ვაკვირდებით, როდის დაენარცხებით ძალიან მწარედ მიწაზე“, – აცხადებს სალომე სამადაშვილი.