საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. გიორგი გახარიამ განმარტა, რომ საქართველოში მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის სხვა ქვეყანაში ვიცე-პრემიერად დანიშვნა მისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ამაზე პრემიერმა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხზე შეფასებისას ისაუბრა. პრემიერმა აღნიშნა, რომ მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება.
„უკრაინელი ხალხი არის ჩვენთვის მოძმე ხალხი. უკრაინის სახელმწიფო არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ამას გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ შეცვლის ვერაფერი, ვერანაირი ვიწროპოლიტიკური კონიუქტურა. თუმცა, სტრატეგიული პარტნიორის მიერ საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ისევე როგორც ჩემთვის პირადად მიუღებელია ჩემი ქვყენის პრეზიდენტის უკრაინის რომელიღაც რესტორანში თმებით თრევა და პოლიციის ძალით იქიდან გამოყვანა. ესეც მიუღებელია. თუმცა, რა თქმა უნდა, მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოყვება. ჩვენ ელჩი არ გამოგვიწვევია, მაგრამ თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ჩვენ ელჩს როგორც მინიმუმ, კონსულტაციებისთვის გამოვიწვევთ”, – განაცხადა გახარიამ.
რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინაში ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხს, ამაზე საუბარი უცხოურ მედიაში რამდენიმე დღის წინ გაჩნდა, მოგვიანებით კი მიხეილ სააკაშვილმაც დაადასტურა. მისი თქმით, მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნის შეთავაზება მიიღო.