LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიუძღვნა თუ არა ყოფილ შეყვარებულს სიმღერა „დაგიკიდე“ მასტერმა: „არ ვფიქრობ, რომ ქალებს შეურაცხყოფა მივაყენე…“

1416
master2021

რეპერი გიორგი პავლიაშვილი, იგივე მასტერი საკმაოდ აქტიურია შემოქმედებითად და თაყვანისმცემლებს მუდმივად ანებივრებს ახალ-ახალი ნამუშევრებით. მისმა ბოლოდროინდელმა ჰიტმა ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია. კომპოზიციის სახელწოდებაა „დაგიკიდე“ და მისი მთავარი გმირი გოგონაა, რომელიც ბიჭს აღარ უყვარს. ამ სიმღერამ, როგორც მასტერის ბევრმა სხვა კომპოზიციამ, არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. სიმღერაზე და ზოგადად, შემოქმედებით და პირად ამბებზე მასტერი fortuna.ge-ს ესაუბრა.

მასტერი:

ეს ტრეკი უბრალოდ დავწერე. რომ გითხრა, კონკრეტულად რომელიმე ჩემს ყოფილს ეძღვნება – არა. შეიძლება, ვინმე გამოვჩხრიკოთ და მივუძღვნათ (იცინის).

ისეთი გულწრფელი ტექსტია, რომ ყველას გვეგონა, კონკრეტული ადრესატი გყავდა, ძალიან ნაწყენი რომ არის ერთი ადამიანი მეორეზე და შურს რომ იძიებს, ასეთი… 

რა ვიცი, შეიძლება… რაღაცით ხომ უნდა იყოს ტრეკი განპირობებული, ინსპირაცია უნდა ჰქონდეს.

ანუ არის ინსპირაცია?

კონკრეტული ადამიანი მართლა არ არის, თუმცა რომელიმე ყოფილი შეიძლება გავიხსენოთ. სხვათა შორის, ამ სიმღერაზე კლიპის გადაღებას ვაპირებდი, მაგრამ ბევრი სხვა კომპოზიცია მქონდა, რომელზეც ვიდეორგოლს გადავიღებდი და სიმღერა უბრალოდ დავდე. ხალხმა ხელი შეუწყო ამ სიმღერის პოპულარიზებას. იყო კომენტარები, როგორი დამწვარია, აუ, შენ კიდევ ვერავინ ნახეო… ალბათ, ერთი ექვსასმა ადამიანმა დააკომენტარა და მხოლოდ 12 ადამიანი მიხვდა, რომ ეს მარკეტინგული გათვლა იყო. კონკრეტულად არანაირი გულისწყვეტა არ მქონია, როცა ამ სიმღერას ვწერდი, სევდიან მინორს ნამდვილად ვერ ვგრძნობ. ახლა კიდევ ერთი ახალი სიმღერა გამოდის, იქ ძალიან მიყვარხარ, მიყვარხარ არის და სულ დაიბნევა ხალხი (იცინის).

გავიგეთ, რომ კარგი მარკეტოლოგი ხარ, მაგრამ ყველა შენი სიმღერა ჰიტდება და ცოტა შემთხვევითობაც და იღბალიც ხომ არ არის?

ყველაფერი შემთხვევით როგორ მოხდება?!. ხანდახან სიმღერაში არ ვამბობ იმას, რასაც მერე ადამიანები თავისებურად იგებენ. იყო კომენტარები, ამხელა ბიჭი ხარ და შენს ყოფილს როგორ ესაუბრები სიმღერების საშუალებითო. ისე დარწმუნებით ამბობდნენ, რომ ვიფიქრე, რამე ხომ არ იციან-მეთქი… უიკენდმა მიუძღვნა მთელი ალბომი თავის ყოფილ შეყვარებულს, ბელა ჰადიდს… მწერდნენ, თუ გკიდია, სიმღერას არ დაუწერდიო. მგონი, ხანდახან ავიწყდებათ ადამიანებს, რომ რეპერი ვარ. ხან დავწერ იმაზე, რომ ვიღაც მენატრება, ხან – რაღაცას გავაპროტესტებ, ხან გავრეპავ, რომ დიეტაზე ვარ… ემინემის სიმღერებს მოუსმინონ, რას უძღვნის კიმს, თავის ყოფილ ცოლს. მე, მაგალითად, არ ვარ ამისი მომხრე.

ხარ რეპერი, რომელიც სულ აქტუალურია. ამას როგორ ახერხებ? შენი მთავარი კოზირი რა არის?

გულწრფელობა, ჩემს ტრეკებს ეს ეტყობა, რომ ნამდვილია. ეტყობა, რომ ჩემს მსმენელს პატივს ვცემ. ყველა გრძნობს ამას. გათვლა არასდროს მქონია ტელევიზიაზე. საკუთარი ტელევიზია მაქვს, სოციალურ ქსელში. საქართველოში, ალბათ, ყველაზე უშუალო დამოკიდებულება, კონტაქტი და კომუნიკაცია მაქვს მსმენელთან. მეოთხე კლიპია, პირდაპირ ვაცხადებ კასტინგს და ჩემი მსმენელიდან ვარჩევ ადამიანებს, რომელთაც ჩემს ვიდეორგოლებში ვიღებ. სხვა მოტივაციაა, როცა იცი, რომ კლიპში იღებ ადამიანებს, რომელთაც უყვართ შენი შემოქმედება. მათთვისაც სტიმულია. რასაც ვამბობდი, ზოგადად, იმავე პრინციპებზე დავრჩი. ჩემი მიდგომები არ შემიცვლია. თუნდაც ის, რომ არ წავედი ისეთ შოუებში, სადაც თავიანთ პირად ცხოვრებაზე ჰყვებიან და ამას საჯაროს ხდიან.

გოგონების გარკვეულ კატეგორიას გული დასწყვიტე ახალი სიმღერით… რეალურად როგორი ტიპი ხარ ქალთან ურთიერთობაში?

რეალურად ჩემს ყოფილზე რომ დამეწერა ეს სიმღერა, ზუსტად ასე მოვიხსენიებდი…

ანუ ყოფილებს სულ კონფლიქტებით შორდები?

არა, არა… ხშირად, მართალიც რომ ვიყო, შეიძლება, ადამიანს არ ვუპასუხო. მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე ურთიერთობის შენარჩუნებას. არ ვფიქრობ, რომ ამ სიმღერაში რაიმე შეურაცხმყოფელს ვამბობ და ქალებს შეურაცხყოფას ვაყენებ.

მასტერი საქართველოში ათკონცერტიან ტურნეს იწყებს

ვიდეო: მასტერის ახალი კლიპი სიმღერაზე „არაფერზე არ მაფიქრო“

გოგონასთან გრძელვადიანი ურთიერთობა რამდენ ხანს გაგრძელებულა?

ორი წელი. ჩემთვის ეს ბევრია. ამით არ ვამაყობ ნამდვილად. მოკლევადიანი ურთიერთობები დიდად არ მსიამოვნებს, მაგრამ ასე გამოდის. სერიოზული ურთიერთობის დაშლის მიზეზი არც ერთხელ არ ვყოფილვარ, მაგრამ ორივე შემთხვევაში მე გადავდგი ეს ნაბიჯი. ნამდვილი სიყვარული მქონია. როცა ადამიანს ვეუბნები, რომ მიყვარს, ე.ი. ასეა. ვყოფილვარ დიდხანს გოგოსთან და არ მითქვამს, რომ მიყვარდა. გულის სიღრმეში მაინც ვხვდებოდი, რომ ის არ იყო სიყვარული. ბოლო შეყვარებული აშშ-ში მყავდა. ორი წელიწადი ისე მიყვარდა, რომ ნანახი არ მყავდა. რომ ჩამოვიდა, მერე ერთად ძალიან კარგად ვიყავით. ზოგი მეკითხებოდა, როგორ შეიძლება, ადამიანი დისტანციაზე შეგიყვარდესო.

ძალიან რომანტიკოსი ყოფილხარ…

ეს თუ ჩემი სიმღერებიდან არ გამოჩნდა, რა გითხრათ… (იცინის).

მინდა გკითხო შენს კოლეგებზე – გიგრძნია მათგან შური?

კი, მიგრძნია და ეს ჩემთვის ტრაგედიასავითაა, რომელიც მთელი კარიერაა, მომყვება. ვგრძნობ, რომ ჩემი კოლეგებიდან ბევრმა შემაქცია ზურგი. არასდროს მჭირდებოდა შექებები, მაგრამ ადამიანური თვალსაზრისით, სასიამოვნო იქნებოდა. პირველი ვყოფილვარ, როცა გამიზიარებია რომელიმე ჩემი კოლეგას ნამუშევარი და მითქვამს, რომ ის კარგია. სხვებისგან კი ჩემი ნამუშევარი გაზიარებული არსად მინახავს. ეტყობა, ძალიან უნიჭო ვარ და არც ერთი ჩემი ტრეკი არ მოსწონთ, 220 სიმღრიდან ვერც ერთი ამოარჩიეს.

ბოლოს რეპერ ძვალის კედელზე შემხვდა შენი ნამუშევარი… 

ძვალი იმ მცირე კატეგორიაში გადის, რომლებიც ზუსტად ისეთივეებად დარჩნენ, როგორებიც თავიდან იყვნენ. ასეთი ხალხი თითზე ჩამოსათვლელია. ერთხელ ერთმა წარმატებულმა რეპერმა მითხრა, არაქართველმა, თუ რეპერებს არ მოსწონხარ და ხალხს უყვარხარ, ე.ი. ყველაფერს სწორად აკეთებო.

გოგონების თემას მივუბრუნდები – პოპულარობით სარგებლობ?

გააჩნია, რამდენია ბევრი თაყვანისმცემელი, მაგრამ სიმცირეს არ ვუჩივი.

როგორი ტიპის ადამიანი მოგეწონებოდა გრძელვადიან პერსპექტივაში?

ისეთი ადამიანი, რომლისადმიც სიყვარულს, სითბოს და მზრუნველობას გამოვიჩენდი და მერე ამას თავადაც უკან დამიბრუნებდა. გულწრფელი, რა თქმა უნდა, ბუნებრივი, ადამიანი, რომელსაც უგებ და  გიგებს. მიფიქრია, რა იქნებოდა, ჩემი მუსიკა რომ არ მოსწონდეს, მაგრამ მგონია ასეთი ურთიერთობაც… სიმართლე რომ გითხრა, ჩემი მუსიკა იმდენად ჩემია, ზუსტად არ ესმის, მეეჭვება გავუგო, თუმცა ამ კრიტერიუმით არავინ დამიბლოკავს.

რაზე დაბლოკავდი?

რაღაც ახლა არის მოდაში – ტრენდი, ჩემთვის მისაღები არ არის. სოციალურ ქსელში ზედმეტად გახდილი ფოტოები, ვულგარული… ასეთ გოგონას ჩემთან ვერ ვხედავ. ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდეს გოგონა, რომელიც სიგარეტს ეწევა. მე არ მომწონს, „ინსტაგრამს“ რომ ვსქროლავ და ყველა ერთ ტრენდშია. ცოტა მაღიზიანებს ეს. ესეც ჩვენი სახადია…

შენ შენი ნიჭის გამო გალაიქებენ, ვიღაცას – კარგი სხეულის გამო… 

იშვიათად, რომ ადამიანს შეხვდე და მოგიყვეს თავის ინტერესებზე, გეგმებზე. „რავი, აბა“, ეს არის ხოლმე პასუხი.

რომ შევაჯამოთ, შენ გვერდით ვერ მოხვდება გოგონა, რომელიც საცურაო კოსტიუმით ფოტოებს პოსტავს?

აი, ნახე, შენც სად მირტყამ? მაგას არ ვამბობ. საცურაო კოსტიუმით აუზზე გადაღებული ფოტო არ მაღიზიანებს, მაღიზიანებს ფოტო საცვლებით. ასეთ ფოტოს რომ დებს და ღამე მშვიდობისაო, რომ მისურვებს, ამაზე ვერ „ვკაიფობ“. რა ვქნა მერე მე? (იცინის). არ ვერევი მათ პირად ცხოვრებაში, უბრალოდ, მე არ მინდა. ძალიან ბევრჯერ ამის გამო დამიხევია უკან ურთიერთობაში.

გოგონას თუ დაუხევია შენთან ურთიერთობაზე მაგალითად, შენი გამონათქვამების გამო… 

ჩემი ძალიან ერთგული მსმენელი იყო ერთი გოგონა. პირდაპირ პოსტავდა ხოლმე ჩემზე, არ იცით, ეს ბიჭი რამხელა შრომას დებს თავის სიმღერებშიო. „დაგიკიდე“ რომ გამოვიდა, გააზიარა და გამაკრიტიკა. ჩემი გამონათქვამების გამო, ალბათ, ბევრი მსმენელი გამომაკლდა. ვაცნობიერებ, რომ ასეა, მაგრამ რა ვქნა, რაც არ მომწონს, იმას ვამბობ.

ახალი კლიპი დაგვიანონსე, რომელიც დიდ ამბავს გამოიწვევსო და უფრო მეტი მოგვიყევი…

ამ სიმღერის წერა 2017 წელს დავიწყე და ახლა დავასრულე. ჩაწერილიც ასეა. კლიპი თვის ბოლოს გამოვა. არ ვიცი, რამდენად რეზონანსული იქნება, მაგრამ ამ წელიწადში ზოგადად კიდევ 9 კლიპის გამოშვებას ვაპირებ…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები