LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივმართავ კანდიდატ „კლან“ მოსამართლეებს, თუ არ გინდათ, რომ თქვენი ცხოვრება დაიმსხვრიოთ, გაემიჯნეთ და უარი თქვით კონკურსში მონაწილეობაზე: გიორგი ვაშაძე

47
ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „კანდიდატ „კლან“ მოსამართლეებს მიმართავს, რომ თუ არ უნდათ ცხოვრება დაიმსხვრიონ და საქმიანი რეპუტაცია საბოლოოდ შეელახოთ, გაემიჯნონ და უარი თქვან კონკურსში მონაწილეობაზე“.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ „კლანი“ დამარცხდეს, სტრატეგიულად სწორი ქმედებები უნდა განხორციელდეს. ვაშაძე საზოგადოებას ჰპირდება, რომ მართლმსაჯულების სისტემა „კლანისგან“ სრულად გათავისუფლდება, რადგან მათ „სამართლიანი სასამართლოს უფლება წაგვართვეს“.

ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ „კლანს“. აუცილებლად მართლმსაჯულება გადავა ხალხის ხელში და არა კონკრეტული პოლიტიკური ძალის ხელში, ისევე როგორც გავათავისუფლეთ პოლიტპატიმრები, ისევე როგორც თანამდებობა დავატოვებინეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გამყალბებელ თავმჯდომარეს, ზუსტად ასე „კლანი“ დამარცხდება. ამისთვის აუცილებელია სტრატეგიულად სწორი ქმედებები, რომელთა მთელი ჯაჭვი გვაქვს ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელს“ ჩამოყალიბებული. ვაპირებთ სამოქალაქო სექტორთან, პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებთან, ჩვენს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მივყვეთ ამ ქმედებათა ჯაჭვს. მე პირობას ვაძლევ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, არც ისე შორეულ მომავალში დადგება დრო, როდესაც „კლანისგან“ გავათავისუფლებთ სასამართლოს. არა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხია აქ, აქ არის მთლიანად „კლანისგან“ გათავისუფლება მართლმსაჯულების სისტემის, რომელმაც წაგვართვა სამართლიანი სასამართლოს უფლება.

ჩვენ არ ვიღებთ რაღაც უაზრო ბიუროკრატიულ პროცედურაში მონაწილეობას, რომელიც ჩამოყალიბდა იურიდიულ კომიტეტში, რაღაც დიპლომების შემოწმებას აპირებს იურიდიული კომიტეტი. უბრალოდ სასაცილოა და ცინიკურია საერთოდ ამ პროცესში მონაწილეობის მიღება. მივმართავ ამ კანდიდატ „კლან“ მოსამართლეებს -თუ არ გინდათ, რომ თქვენი ცხოვრება დაიმსხვრიოთ, თქვენივე საქმიანი რეპუტაცია საბოლოოდ შელახოთ, გაემიჯნეთ და უარი თქვით ამ კონკურსში მონაწილეობაზე,“- განაცხადა ვაშაძემ.

 

პოპულალურები